კალათბურთი

10:25 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: “მამაჩემის თითოეული მოქმედების უკან საფუძვლიანი მიზეზები დევს”

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეროვნული ნაკრების და ესპანური “ლაბორალ კუჩას” ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია ფეისბუქის გვერდის საშუალებით გამოეხმაურა.

“მინდა გამოვეხმაურო საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მომხდარ ეგრედ წოდებულ სკანდალს. კერძოდ, მამაჩემის კახა შენგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მის ვიცე პრეზიდენტობის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ!

მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და განვაცხადო, რომ თავიდან ბოლომდე გვერდში ვუდგავარ და მხარს ვუჭერ მას, როგორც არა მარტო ჩემს მამას, არამედ კაცს, ადამიანს, რომლის მონდომება, თავდადება, აზრი და იდეა საქართველოს კალათბურთის განვითარების და აღორძინების შესახებ ზეპირად ვიცი.

ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ და არ დავწვრილმანდები ისევ მისი დაჟინებული თხოვნით, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გავერიო ამ სკანდალში. უბრალოდ მინდა იცოდეს ყველამ, რომ თვალდახუჭული ვენდობი მის მიერ გაკეთებულ ყველანაირ გადაწყვეტილებას, რადგანაც მჯერა რომ მისი თითოეული მოქმედების უკან საფუძვლიანი მიზეზები დევს!”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში 1 ივნისს ჩატარებული გამგეობის სხდომის დასრულების შემდეგ, გამგეობა მისმა წევრებმა კახა შენგელიამ და თემურ დათიკაშვილმა დატოვეს.

დათიკაშვილი საკალათბურთო კლუბ ,,ვითას’’ პრეზიდენტია, ხოლო შენგელია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა და ეს თანამდებობაც დატოვა.

ისინი ფედერაციას ბიუჯეტიდან კალათბურთისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ. შენგელია და დათიკაშვილი მოითხოვენ, რომ ჩატარდეს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა და დაინიშნოს ფედერაციის ახალი რიგგარეშე არჩევნები.

0.115863