კალათბურთი

0:55 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ნახევარფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” “გრან კანარიასთან” მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტ მე-3 მატჩში 78:71 იმარჯვა და ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია.

გასულ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის კლუბმა უმასპინძლა, შენგელიამ კი მოედანზე 06:26 წუთი გაატარა და 5 ქულა და 2 პასი მიითვალა.

თოკომ 3-დან 1 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩას” რიგებში საუკეთესო ბერძენი იოანის ბურუსისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (17 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა.

ამერიკელმა მაიკ ჯეისმა, რომელიც უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების მაისურს მოირგებს, 20:09 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

ნახევარფინალურ სერიაში “ლაბორალ კუჩას” მეტოქე “ბარსელონა” იქნება და ამ შემთხვევაში, მოედნის უპირატესობა უკვე კატალონიელთა მხარეს იქნება.

ნახევარფინალი სამ მოგებამდე გაგრძელდება, განრიგი კი ასეთია: 3 და 5 ივნისს მატჩებს “ბარსელონა” უმასპინძლებს, 8 და 10-ში – “ლაბორალ კუჩა”, 12 ივნისს კი, მე-5 შეხვედრა ისევ კატალონიაშია დანიშნული. ცხადია, ბოლო 2 მატჩი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შედგება.

0.113616