ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ, “ლაბორალ კუჩას” საპლეიოფო სტადიაზე დიდი იმედებით უბრუნდება. ამ პათოსის სტატიას ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მუხლზე ჩატარებული ოპერაციის კვალად, სამ თვეზე მეტხანს იუქმა და გუნდის განაცხადში ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურში გამოჩნდა. თუმცა, მაშინ მთავარი მწვრთნელის ველიმირ პერასოვიჩის გადაწყვეტილებით, თოკოს სათადარიგოთა სკამიდან წამოდგომის საშუალება არ მისცემია.
“სათამაშოდ მზად ვიყავი, მაგრამ მწვრთნელმა ჩემი კიდევ მცირე ხნით დასვენება გადაწყვიტა და ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა. მის ვერდიქტს პატივს ვცემ”, - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.
“ლაბორალ კუჩამ” ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში მეტოქედ საკმაოდ ძლიერი “გრან კანარია” ერგო. შენგელიაც აღიარებს, რომ მის გუნდს მძიმე ბრძოლები ელის. “გრან კანარიას” ჩინებული მსროლელები ჰყავს და ისინი დაცვიდან შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიან. ამ გუნდს სუსტი წერტილები ნაკლებად მოეძებნება”.
და რა არის ბასკური კლუბის საბოლოო მიზანი, მითუმეტეს, რომ კანარელების ძლევის შემთხვევაში, “ლაბორალ კუჩას” ნახევარფინალში, დიდი ალბათობით, “ბარსელონა” ელის? “ცხადია, საბოლოო მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა, ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მთავარია, მეოთხედფინალური ეტაპი დავძლიოთ და დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ”, - ამბობს თორნიკე.
მცირე ხნის წინ “ლაბორალ კუჩამ” თურქული “ბუიუჩექმეჩედან” 29 წლის ამერიკელი უკანახაზელი მაიკლ როლი გადაიბირა, რომელიც თავის დროზე “სარაგოსაში” გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელი იყო. შენგელიამ როლის ფაქტორზეც ისაუბრა.
“მაიკლი ძალიან ძლიერი მოთამაშეა და პლეი-ოფში დიდ დახმარებას გაგვიწევს. ის უნივერსალური გამთამაშებელია, რომელიც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში სარგებლიანად ირჯება. საერთო ჯამში, ჩემი და ფაბიენ კოსიეს არყოფნაში გუნდმა დიდი სამუშაო გასწია, ახლა კი, “ლაბორალ კუჩა” მეტ ენერგიას შეიძენს და ეს, ჩვენს შედეგებზეც უნდა აისახოს”.
ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება და ქართველი ქომაგისთვის საინტერესო წყვილში მოედნის უპირატესობა შენგელიას კლუბის მხარესაა. “ლაბორალ კუჩა” “გრან კანარიას” 27 მაისს მიიღებს, 29-ში კი გუნდები უკვე ლას პალმასში ითამაშებენ.