სხვა

17:27 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი სპორტული ორგანიზაციების პრეზიდენტებს შეხვდა

24 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მოდელი გააცნო, რომლის მართვაზეც სამინისტრო 1 ივნისიდან ოფიციალურად გადადის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფედერაციებში ვებ-გვერდების არქონის პრობლემას, რაც თავის მხრივ საზოგადოებისთვის ინორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდების პრობლემას აჩენს.

ამასთან, სპორტული ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან სპორტული სტატისტიკის წარმოებაზე იზრუნონ და სამინისტროს შესაბამის სამსახურს წარუდგინონ, რაც უახლოეს მომავალში გახდება სავალდებულო და დარეგულირებული ჯერ მინისტრის ბრძანებით, ხოლო შემდგომში სპორტის შესახებ საქართველოს კანონით. შეხვედაზე სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს რეკომენდაცია მიეცათ, რათა იზრუნონ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგან არაკვალიფიცირებული და შესაბამისი სერთიფიკატის არმქონე მწვრთნელები მომავალში ვეღარ იმუშავებენ.

ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა

1 ივნისიდან მოხდება პროგრამის სავალდებულოდ ამოქმედება;

მინისტრის N180 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფედერაციას ევალება ღონისძიების დაწყებამდე მინიმუმ 15 დღით ადრე მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ღონისძიების დაფინანსების მოთხოვნით;

ღონისძიების ფინანსური და ტექნიკური ანგარიშის წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 20 დღისა, რომლის შემდგომ სამინისტროს აქვს 20 დღიანი განხილვის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ ანგარიშში დაფიქსირდება ხარვეზი, ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ფედერაციას ეძლევა დამატებით 10 დღე;

ანგარიში სამინისტროში ოფიციალურად შემოდის დასკანერებული ელექტრონულად და პარალელურად დედნის სახით;

დასკანერებული ფაილები, რომელიც აიტვირთება პროგრამაში, უნდა იყოს DჟVU-ფორმატში;

ფედერაციას ევალება განაცხადის დედნების შენახვა და მაქსიმუმ 1 თვეში ერთხელ სამინისტროში წარმოდგენა.

ფედერაციების ოფიციალური ვებ-გვერდები

ოფიციალური ვებ-გვერდები აღიარებული 73 სპორტული ორგანიზაციიდან მხოლო 43.9%-ს აქვს, დანარჩენ 56.1%-ს საერთოდ არ გააჩნია ოფიციალური ვებ-გვერდი;

არსებული 56.1%-დან მხოლოდ 12% აახლებს ინფორმაციას მინიმუმ თვეში ერთხელ და მეტნაკლებად ამომწურავადაა წარმოდგენილი ინფორმაცია, ხოლო დანარჩენ 88% შემთხვევაში წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ ხდება ინფორმაციის განახლება და ძირითადი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი;

ამ მიმართულებით სამინისტრო შეიმუშავებს ერთიან მოდელს და ყველა ორგანიზაციას დაევალება შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე მოამზადონ და ადმინისტრირება გაუწიონ ოფიციალურ ვებ-გვერდებს.

სპორტულ სტატისტიკის წარმოება და სამინისტროში წარდგენა

სპორტული სტატისტიკის წარმოება და სამინისტროს შესაბამისი სამსახურისთვის წარდგენა უახლოეს მომავალში გახდება სავალდებულო, რაც დარეგულირებული ჯერ მინისტრის ბრძანებით, ხოლო შემდგომში სპორტის შესახებ საქართველოს კანონით;

ამ სფეროს დარეგულირებისათვის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მუშაობს სპეციალური ვებ-გვერდის შემუშავებაზე, სადაც თავს მოიყრის ყველა ეს ინფორმაცია და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ინტერნეტის მეშვეობით საშუალება ექნება ონლაინ რეჟიმში მიიღოს ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია სპორტის სხვადასხვა მიმართულებით.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.103278