კალათბურთი

17:35 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია “ლაბორალ კუჩას” განაცხადში გამოჩნდა
ესპანეთში მეოთხედფინალური წყვილები დალაგდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დასკვნითი 34-ე ტურის მატჩები შედგა და პლეი-ოფში გასულმა გუნდებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.

მეოთხედფინალში ითამაშებს თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა”, რომელმაც რეგულარული პირველობის ბოლო მატჩში “მანრესას” 83:80 სძლია და 24 მოგებით და 10 მარცხით მე-4 ადგილზე გავიდა.

სასიხარულოა, რომ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი უქმობის შემდეგ, ქართველი ფორვარდი ბასკური კლუბის განაცხადში გამოჩნდა, თუმცა, ამჯერად, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

სამაგიეროდ, კარგად გაისარჯა ამერიკელი გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი, რომელიც დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახდება.

ჯეიმსმა 23:56 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ამერიკელმა უკანახაზელმა 8-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

პლეი-ოფში “ლაბორალ კუჩას” მეტოქე “გრან კანარია” იქნება, რომელმაც 21 მოგებით და 13 მარცხით მე-5 პოზიცია დაიკავა. ისიც ვთქვათ, რომ მოედნის უპირატესობა ბასკური კლუბის მხარეს იქნება.

მეოთხედფინალის სხვა წყვილები ასე გამოიყურება: “ბარსელონა”-“ფუენლაბრადა”, “რეალი”-“მურსია”, “ვალენსია”-“უნიკახა”.

სეზონი დაასრულა გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორამ”, რომელიც 12 მოგებით და 22 წაგებით 18-გუნდიან ლიგაში მე-14 საფეხურზე აღმოჩნდა.

დასკვნით ტურში ანდორელები მესამეადგილოსან “ვალენსიას” ესტუმრნენ და 67:81 წააგეს. ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:40 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127521