კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში მიმდინარე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის 9 ტურის თავზე უმთავრესი ფავორიტი გამოიკვეთა. რუსმა ერნესტო ინარკიევმა (2686) შავი ფიგურებით ლატვიელი იგორ კოვალენკო (2644) დაამარცხა და 8.0 ქულით დაწინაურდა.
ლიდერს ქულით ჩამორჩებიან პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი (2722) და რუსი ალექსეი გოგანოვი (2600), შემდეგ კი ერთბაშად 10 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომლის წევრებსაც აქტივში 6.5-6.5 ქულა აქვთ.
ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავაც (2661) იმყოფება, რომელიც მე-9 ტურში თეთრი ფიგურებით ესპანელ ფრანსისკო პონს ვალეხოს (2700) დაუზავდა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზეა. ბოლოსწინა მე-10 ტურში ბაადური შავებით სომეხ არმან პაშიკიანს (2612) ეთამაშება.
ევროპირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა შედეგები ასეთია: 28. ლევან ფანცულაია (2613) – 6.0 ქულა; 33. თორნიკე სანიკიძე (2637) – 6.0; 74. მერაბ გაგუნაშვილი (2569) – 5.0; 117. ზურაბ სტურუა (2548) – 4.5;