თელავში დასრულდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის, სპორტისა და განათლების სამინისტროებისა და სპორტის აკადემიის ინიციატივით გამართული სემინარი „ხელბურთის სწავლება სკოლებში“, რომელსაც 9-19 მაისს თბილისმა, ბათუმმა და თელავმა უმასპინძლა. საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთათვის სწავლებას უძღვებოდა გერმანელი კლაუს ფელდმანი, სასკოლო ხელბურთის ექსპერტი, სპორტისა და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი.
ჯამში, თეორიულ-პრაქტიკული კურსი სამივე ქალაქში ასზე მეტმა სპორტის მასწავლებელმა და ბავშვებთან მომუშავე ხელბურთის მწვრთნელმა გაიარა და სერტიფიკატიც მიიღო. თბილიშში, სპორტის აკადემიაში, მონაწილეებს სერთიფიკატები სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია პროექტის ბოლომდე მიყოლა, რათა საჯარო სკოლებიდან ხელბურთმა შევსება მიიღოს.
ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: - მსგავსი პროექტი პირველად საქართველოში 2013 წელს, ფრანტიშეკ ტაბორსკისთან ერთად განვახორციელეთ. სახელბურთო ქვეყნებში სწორედ ამგვარი პრაქტიკაა - დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლაში ითვისებენ ხელბურთის საბაზისო უნარ-ჩვევებს და შემდეგ იწყებენ მეცადინეობას სპეციალიზებულ ჯგუფებში. ფედერაცია ყოველნაირად შეუწყობს ხელს იმ სკოლებს, სადაც ბავშვთა ხელბურთის გუნდები შეიქმნება. ძალიან კონკრეტული და დიდი საქმე გაკეთდება, თუ ეს პროექტი თანმიმდევრულად განვითარდა და სასკოლო ხელბურთიდან რეალურ შევსებას მივიღებთ ბავშვთა სახელბურთო კლუბებში. ეს ეხება როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებს. ჯამში ეს პრაქტიკა შედეგს სანაკრებო დონეზეც გამოიღებს და ჩვენი საბოლოო და შორსმიმავალი მიზანიც სწორედ ესაა. საერთოდ, მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამები ხელბურთის ფედერაციის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ამ საქმეში უკვე მდიდარი პრაქტიკა გვაქვს. მაისის ბოლოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში გაიმართება კიდევ ერთი სემინარი უკვე სახელბურთო კლუბების მწვრთნელებისთვის. ლექტორი იქნება ჩეხი მარტინ ტუმა.