ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა “სევილიასა” და “ლივერპულს” შორის გამართული ევროპის ლიგის ფინალური მატჩის (3:1) შემდეგ ესპანურ კლუბს გამარჯვება მოულოცა და ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ყველა ქვეყნის პირველობას აღემატება.
“კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ლა ლიგა მსოფლიოში საუკეთესოა. თუკი ამას მტკიცება კიდევ სჭირდება. ვულოცავ “სევილიას” - დაწერა ლინეკერმა, რომელსაც კარიერის განმავლობაში ესპანეთში თავადაც უთამაშია. 1986-1989 წლებში “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 103 მატჩში 42 გოლი გაიტანა და კატალონიელებთან ერთად ესპანეთის თასი და ევროპის თასის მფლობელთა თასი მოიგო.