ფეხბურთი

16:47 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი: “იტალიის ნაკრებში მუშაობას არ გამოვრიცხავ”
"ახლაღა ვაცნობიერებ, რაც გავაკეთეთ - ინგლისური ფეხბურთის გრანდები უკან ჩამოვიტოვეთ!"

2015/16 წლების სეზონის მთავარი საფეხბურთო სენსაცია ინგლისის პრემიერლიგაში “ლესტერის” ტრიუმფია. ამ შთამბეჭდავი და ისტორიული მიღწევის მთავარი სულისჩამდგმელი “მელიების” იტალიელი თავკაცი კლაუდიო რანიერია, რომელმაც La Gazzetta dello Sport-ის თანამემამულე ჟურნალისტებთან ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე, თავისი გუნდის ტაქტიკურ მხარესა და სამშობლოში დაბრუნების ალბათობაზე ისაუბრა.

- საჩემპიონო სეზონმა დაგღალათ?

- რომ შემძლებოდა, ამ ინტერვიუზე ჩემს ნაცვლად სხვას გამოვუშვებდი. გამოგიტყდებით, როცა არ ვმუშაობ, მაშინ უფრო სწრაფად ვიღლები. ასეთ დროს თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. ახლაღა ვაცნობიერებ, რაც გავაკეთეთ - ინგლისური ფეხბურთის გრანდები უკან ჩამოვიტოვეთ!

- რას გრძნობდით, როცა გასულ ზაფხულს ინგლისში სამუშაოდ მიდიოდით?

- ბედნიერი ვიყავი. სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნება იმდენად მინდოდა, რომ იტალიის სერია B-ს კლუბის გაწვრთნასაც სიხარულით დავთანხმდებოდი. პრემიერლიგის კიდევ ორი გუნდი მიწვევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, არჩევანი სხვა მწვრთნელებზე შეაჩერეს. “ლესტერში” ყველაფერი მომეწონა: სამწვრთნელო შტაბი, სამომავლო გეგმები, კლუბის ბაზა და სტადიონი.

- გვიამბეთ იმ საღამოს შესახებ, როცა პრემიერლიგის ოფიციალურ ჩემპიონებად გამოცხადდით...

- როცა “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” მატჩი დაიწყო, ცოლს ვუთხარი: “არა მგონია, ყველაფერი დღეს გადაწყდეს”. შესვენებაზე წავიხემსე და კვლავ ტელევიზორს მივუჯექი. სანამ მასპინძლები კუთხურს ჩამოაწვდიდნენ, ვიფიქრე, რომ “ჩელსის” გოლის დრო იყო. ასეც მოხდა – გარი კეჰილმა ბურთი “ტოტენჰემის” კარში გადაგზავნა. ცოლმა მკითხა, რატომ არ ეხმარებოდა ედენ აზარი “ჩელსის” დაცვას. ვუპასუხე, რომ ბელგიელი შეტევისთვის ძალას ინახავდა. როგორც იცით, ჩემი ეს ვარაუდიც გამართლდა (აზარმა ანგარიში გაათანაბრა – ი.ჯ).

- სატრანსფერო სეზონი ახლოვდება და როგორია თქვენი გეგმები? მომდევნო სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებთ...

- გასული სეზონის დაწყებამდე, კლუბის ხელმძღვანელობამ მიზნად პრემიერლიგაში დამკვიდრება დამისახა. ახლა უფროსობას ვუთხარი, რომ საჩემპიონო სეზონი დაივიწყონ, რადგან იგივეს ვეღარ გავიმეორებთ. არ მჭირდება ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც გასახდელში ატმოსფეროს დაარღვევენ. ისეთივე მებრძოლი სულის მქონე ფეხბურთელები გვინდა, როგორებიც ახლა გვყვანან. ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენთან თამაშს უკვე ბევრი კლუბი ნატრობს, მაგრამ გპირდებით, “ლესტერი” მომდევნო სეზონშიც ისევე იბრძოლებს, როგორც წლეულს ხედავდით.

- თქვენი გუნდის ტაქტიკური მხარე როგორ ყალიბდებოდა?

გასულ სეზონში, “ლესტერი” 3 მცველით თამაშობდა და ვეცადე, ნელ-ნელა 4 უკანახაზელზე გადავსულიყავით. სეზონისწინა შეკრებაზე ეს არ გამოგვივიდა და ყველაფერი შევცვალე. ჩემი გათვლით, მთავარ მეგოლედ ლეონარდო ულოა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, შინჯი ოკაზაკისა და ჯეიმი ვარდის ტანდემი ვცადე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოედნის ცენტრში ნგოლო კანტე უდიდეს სამუშაოს ასრულებდა. არავინ მინახავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ერთ მატჩში ამდენს ირბენდა...

- როდის მიხვდით, რომ ჩემპიონობა შეგეძლოთ?

- “მანჩესტერ სიტისთან” საგარეო მატჩში გამარჯვების შემდეგ. ლონდონის “არსენალთან” უკანასკნელ წუთებში გაშვებული გოლით წაგებამაც თავისი ქნა, რადგან იმ შეხვედრამ კიდევ უფრო გაგვაძლიერა. ნამატჩევს, თანაშემწეს ვუთხარი, რომ ასეთი ბრძოლისუნარიანობით დარჩენილ ორთაბრძოლებს მოვიგებდით.

- შესაძლებელია, რომ იტალიის ჩემპიონატშიც გამოჩნდეს გუნდი, რომელიც “ლესტერის” წარმატებას აპენინზე გაიმეორებს?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრანდებს სეზონი ჩაუვარდებათ. პრემიერლიგაში ზუსტად ასე მოხდა.

- როგორ ფიქრობთ, “ლესტერის” ჩემპიონობა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მოულოდნელი მოვლენაა?

- არა. უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან ძალიან მალე, “ნოტინგემ ფორესტმა” პრემიერლიგაც მოიგო და ჩემპიონთა თასიც. იმედია, იგივე შედეგს ჩვენც გავიმეორებთ.

- იტალიაში დაბრუნებას არ აპირებთ? იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიამოვნებით გიხილავდათ...

- სიმართლე გითხრათ, თავის დროზე, ნაკრებში მუშაობით დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ მხოლოდ საბერძნეთის ეროვნული გუნდი ვიკმარე. ცხადია, იტალიის ნაკრების შემთხვევაში დაბრუნებაზე ვიფიქრებ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სათავეში “სკუადრა აძურას” ჩავუდგე.

0.12569