პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 6 სეზონში 50-ზე მეტი გოლი გაიტანა. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. რონალდუმ "დეპორტივოსთან" ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 51 გოლი დაუგროვდა.
კრიშტიანუმ საბოლოოდ ესპანეთის ჩემპიონატში მეტოქეები 35-ჯერ დაამწუხრა. პორტუგალიელი ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ლუის სუარესს (40) ჩამორჩა. ფეხბურთელს შანსი აქვს 28 მაისს "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლების მარაგი კიდევ გაზარდოს.
თავდამსხმელი "სამეფო კლუბში" 2009 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში 33 გოლი გაიტანა. მას შემდეგ 6 სეზონში 51 და მეტი გოლი გაიტანა. კარიერის საუკეთესო შედეგი რონალდუმ გასულ სეზონში დააფიქსირა, როდესაც 54 მატჩში თავი 61-ჯერ გამოიჩინა.