გონსალო იგუაინი იტალიის ჩემპიონატის რეკორდსმენია. 28 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 36 გოლის გატანა შეძლო, რაც ამ ლიგის ისტორიაში ერთი სეზონის მიხედვით სარეკორდოა. აქამდე საუკეთესო შედეგი შვედ გუნარ ნორდალს ჰქონდა, რომელმაც შორეულ 1949-1950 წლების სეზონში “მილანის” მაისურით 35 გოლის გატანა მოახერხა.
აქამდე ხსენებული შედეგი ხელშეუხებელი 66 წლის განმავლობაში გახლდათ, თუმცა იგუაინმა ისტორია გადაწერა. ზემოხსნებული დროის განმავლობაში ყველაზე ახლოს ნორდალის შედეგთან ლუკა ტონი იყო, რომელმაც 2005-2006 წლების სეზონში "ფიორენტინას" მაისურით 31 გოლი გაიტანა.
უშუალოდ არგენტინელმა ფეხბურთელმა კი, რეკორდი სერია ა-ს ბოლო ტურში “ფროზინონესთან” მატჩში დაამყარა, სადაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. სწორედ მესამე გოლის მერე დაამხო მან სკანდინავიელი ფეხბურთელის რეკორდი. აღსანიშნავია, რომ იგუაინს ისტორიული გოლი ისეთი სილამაზის გამოუვიდა, როგორიც ასეთ მომენტს შეეფერებოდა.
“ნაპოლის” ფორვარდმა ასეთი შედეგი წლეულს 35 მატჩში დააფიქსირა, ხოლო რაც შეეხება აქამდე მისი კარიერის საუკეთესო შედეგს – 29 გოლი მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში.