კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში 24-ედ გახდა. "ბლაუგრანამ" 2015/16 წლების ლა ლიგის გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრაში "გრანადა" სტუმრად 3:0 დაამარცხა (VIDEO), 91 ქულა დააგროვა და ტურნირის ტრიუმფატორი ზედიზედ მეორედ გახდა.
საბოლოოდ, პრიმერადივიზიონში მეორე ადგილზე 90 ქულით გავიდა მადრიდის "რეალი", რომელმაც ბოლო ტურში "დეპორტივო" სტუმრად კრიშტიანუ რონალდუს დუბლის წყალობით დაამარცხა (VIDEO). მესამე პოზიციაზე კი - მადრიდის "ატლეტიკოა".
"ბარსელონას" რიგებიდან ბოლო შეხვედრაში თავი ლუის სუარესმა ჰეთთრიკით გამოიჩინა. ესპანეთის ჩემპიონატში ურუგვაელის ანგარიშზე საბოლოოდ 40 გოლი დაფიქსირდა და სუარესი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეორე ადგილზე მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ (35) გავიდა, ხოლო მესამეზე - ლიონელ მესი (26).
MSN-ის (მესი, სუარესი, ნეიმარი) ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 90 გოლი დაფიქსირდა. ზემოთხსენებული ფეხბურთელების გარდა, ნეიმარმა თავი 24-ჯერ გამოიჩინა. ჯამში "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში 112 გოლი გაიტანა და 29 მიიღო.
ლუის ენრიკეს შეგირდებს სეზონის ბოლო მატჩის გამართვა ესპანეთის თასის ფინალში მოუწევთ. გადამწყვეტ შეხვედრაში "ბარსელონა" "სევილიას" 22 მაისს დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში აღნიშნულ ტურნირზე 28-ედ იმარჯვებს.