კალათბურთი

23:59 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლა ვუჩევიჩი: “საქართველო გამოცდილია, თუმცა, მაინც უნდა მოვუგოთ”
ჩერნოგორია ევრობასკეტის შესარჩევ ციკლს დიდი იმედებით ელის

ფიბა-ევროპას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სპეციალური წერილი მიუძღვნა ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის უმთავრესი მეტოქე იქნება.

როგორც ცნობილია, საქართველო და ჩერნოგორია F ჯგუფში მოხვდნენ, სადაც სლოვაკეთი და ალბანეთიც ითამაშებენ. ფიბა-ევროპა მომავალი ბატალიების შესახებ ჩერნოგორიელთა ერთ-ერთ უმთავრეს ვარსკვლავ ნიკოლა ვუჩევიჩს დაეკითხა.

“ორლანდო მეჯიქის” 25 წლის მძიმე ფორვარდს სხვადასხვა მიზეზთა გამო, ეროვნულ ნაკრებში 2013 წლის შემდეგ არ უთამაშია, ახლა კი, NBA-ს პლეი-ოფს მიღმა დარჩენის კვალად, ზედმეტი ენერგია შერჩენია და საზაფხულო მატჩებს მოუთმენლად ელის.

“დიდებული გრძნობაა, როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ. თამაში იმ ბიჭებთან ერთად მომიწევს, რომელთაც ბავშვობიდან ვიცნობ და მეგობრობა მაკავშირებს. გასულმა ევრობასკეტმა ჩვენს გარეშე ჩაიარა, ამდენად, კიდევ ერთ წარუმატებლობაზე ფიქრიც კი არ გვსურს.

ჩვენს მომავალ მეტოქეებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, ყველაზე მეტი საქართველოს შესახებ ვიცი. ამ ნაკრებმა გასულ ევროპის ჩემპიონატებზე უდიდესი სამუშაო გასწია. ქართველებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, თუმცა, ჩვენ საკმაოდ ნიჭიერი გუნდი გვყავს, რათა მათი დამარცხება მოვარხეხოთ.

შესარჩევი ციკლისთვის ძლიერი შემადგენლობა გროვდება და სამწვრთნელო შტაბიც გამოცდილი გვყავს. მოკლედ, ფინალურ ეტაპზე გასვლის გარდა, არაფერი დაგვაკმაყოფილებს”.

ვუჩევიჩის სიტყვებში ეჭვის შეტანა მართლაც ძნელია. რამდენიმე თვის წინ, გუნდი საქვეყნოდ ცნობილმა ბოგდან ტანიევიჩმა ჩაიბარა, რომელიც იტალიის და თურქეთის ნაკრებებს წვრთნიდა, ახლა კი, მშობლიური ნაკრებისთვისაც მოიცალა.

შთამბეჭდავად გამოიყურება ის გაფართოებული შემადგენლობაც, რომელიც ტანიევიჩმა საკვალიფიკაციო მატჩებითვის დაასახელა. როგორც ირკვევა, ქართველთა მომავალი მეტოქის ერთადერთი სერიოზული დანაკლისი “მინესოტა ტიმბერვულვზის” ლეგიონერი ნიკოლა პეკოვიჩია. NBA-ში გამობრძმედილი ცენტრი ტრავმას იშუშებს და ეროვნული გუნდის დახმარებას ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაშიღა თუ შესძლებს.

პეკოვიჩის არყოფნის ფონზეც კი, ჩერნოგორიელთა წინა ხაზი შთამბეჭდავად გამოიყურება. ხსენებულ ვუჩევიჩს უნდა დავუმატოთYესპანეთში მოთამაშე “მაღლები” – ბოიან დუბლევიჩი (“ვალენსია”), ბლაგოტა სეკულიჩი (“ტენერიფე”), ნემანია რადოვიჩი (“მურსია”) და მარკო ტოდორივიჩი (“ბილბაო”). ეს უკანასკნელი ბასკურ კლუბში რუსული “ხიმკიდან” არის განათხოვრებული და ზაფხულში ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებს.

ჯერაც “ხიმკიში” ირიცხება ჩერნოგორიელთა უკანა ხაზის უმთავრესი ვარსკვლავი ტაირის რაისი, რომელიც 2014 წელს ევროლიგის “ოთხთა ფინალის” უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა და წელსაც საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა. რაისს ჩერნოგორიის ეროვნული გუნდის მაისური 3 წელია არ მოურგია, ახლა კი, ტანიევიჩის მიწვევას დადებითად გამოეხმაურა.

რაისის გვერდით გაირჯება 21 წლის ნიკოლა ივანოვიჩი, რომელსაც სერბულ “მეგა ლეკსში” ჩინებული თამაშები ჰქონდა. უნდა გამოვარჩიოთ პოდგორიცას “ბუდუჩნოსტში” მოასპარეზე ძმები სუად და სეად სეჰოვიჩები და ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ კალათბურთელად აღიარებული დინო რადონჩიჩი.

17 წლის ტალანტმა, რომლის სიმაღლეც უკვე 2.02 მეტრია, ჩერნოგორიის ნაკრებში თამაშის სურვილი სულ რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა და სადებიუტო მატჩებს მოახლოებულ ზაფხულში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევი ციკლი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს და ამ დღეს ჩერნოგორიელები სლოვაკეთს უმასპინძლებენ. დიდი ალბათობით, F ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ჩერნოგორიის და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრებში გაირკვევა. 7 სექტემბერს გუნდები თბილისში ითამაშებენ, 17-ში კი – ბარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115363