კალათბურთი

15:30 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი: რეკორდიდან რეკორდამდე

გიორგი შერმადინის ბოლოდროინდელი ჩინებული გარჯა საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. ქართველი ცენტრის გამორჩეულ ასპარეზობას ესპანური ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდიც გამოეხმაურა და მცირე სტატია გამოაქვეყნა, სათაურით “შერმადინი – რეკორდიდან რეკორდამდე”. მასში შემდეგს ვკთხულობთ:

“74 ქულა, 24 მოხსნა და სარგებლიანობის კოეფიციენტი – 108: სწორედ ეს მონაგარი აქვს გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ სამ მატჩში. ზედიზედ მე-3 კვირაა, ქართველი ცენტრი პერსონალურ რეკორდებს აუმჯობესებს.

“გრან კანარიასთან” მატჩში, “მორაბანკ ანდორას” ცენტრმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 34 ჰქონდა. მომდევნო ტურში მისი კოეფიციენტი უკვე 36-ს გაუტოლდა. “ხუვენტუტთან” შეხვედრაში გიორგიმ 26 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

აი, დასკვნით ტურში კი, “ლაბორალ კუჩას” წინააღმდეგ, შერმადინმა თავი 27 ქულას, 11 მოხსნას და 2 დაფარებას მოუყარა. სარგებლიანობის კოეფიციენტიც შესაბამისი გახლდათ – 38, რაც ქართველი კალათბურთელის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

იმ უდიდეს სამუშაოზე, რომელსაც შერმადინი ასრულებს, სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს. გასულ სამ მატჩში მეტოქეები მის წინააღმდეგ ერთბაშად 19-ჯერ (!) დაჯარიმდნენ, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში, ანროდელებმა მოწინააღმდეგეებზე 33 ქულით მეტი ჩააგდეს, ხოლო როდესაც გიორგი ისვენებდა, მის კლუბს შესაბამისი მაჩვენებელი მინუს 23 ჰქონდა.

დიდებულია შერმადინის შეტევითი პოტენციალიც. ბოლო სამ შეხვედრაში მან თამაშიდან 34-დან 27 ტყორცნა გამოიყენა და 20-ვე (!) საჯარიმო ჩააგდო”.

საინტერესოა, რომ დიდებული თამაშის მიუხედავად, ესპანური ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდს შერმადინი ამჯერად ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღარ დაუსახელებია.

მართალია, გიორგის ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა, თუმცა, ვინაიდან მის გუნდს მარცხი შეემთხვა, ტურის MVP-ს ტიტული “ფუენლაბრადას” უკანახაზელ მარკო პოპოვიჩს ერგო.

მადრიდელებმა შერმადინის ყოფილი კლუბი “სარაგოსა” 105:85 დაამარცხეს, ხორვატმა ლეგიონერმა კი 24:41 წუთში 21 ქულა და 7 პასი მიითვალა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა.

ცნობისთვის, ტურის საუკეთესო მოთამაშე “მორაბანკ ანდორას” და “ლაბორალ კუჩას” მატჩიდან შეარჩია Eurobasket.com-მა, თუმცა, ის არა – შერმადინი, არამედ ამერიკელი დარიუს ადამსი აღმოჩნდა, რომელმაც 27:09 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი (სარგებლიანობის კოეფიციენტი 27) მოაგროვა და ბასკებს 99:91 მოაგებინა.

სამაგიეროდ, Eurobasket.com-მა ქართველ ცენტრს მე-2 ადგილი მიუჩინა და შემდეგნაირად დაახასიათა: “26 წლის ქართველ გიორგი შერმადინს დიდებული საღამო ჰქონდა. მან 27 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა, “მორაბანკ ანდორამ” მაინც მარცხი განიცადა.

ქართველის კლუბს 12 მოგება და 19 წაგება მოუგროვდა და ესპანურ ლიგაში მხოლოდ მე-12 ადგილი უკავია. ამ ფონზე, შერმადინზე მხოლოდ დადებითის თქმა შეიძლება. ის ანდორელთა ახალწვეულია, თუმცა, პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა”.

დასასრულ დავძენთ, რომ ქართველი კალათბურთელის კლუბს პლეი-ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს და არც ელიტარული ლიგიდან დაქვეითება ემუქრება. “მორაბანკ ანდორა” რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამ მატჩს ჩაატარებს: 11 მაისს – “სევილიასთან”, 14 მაისს – “ობრადოიროსთან” და 22 მაისს – “ვალენსიასთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11463