სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) უეფას ყოფილ პრეზიდენტს მიშელ პლატინის, რომელსაც ფიფას ეთიკის კომიტეტმა ფეხბურთში ყოველგვარი საქმიანობა 8 წლით აუკრძალა, სასჯელის ვადა ოთხ წლამდე შეუმცირა. როგორც CAS-ის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ამ გადაწყვეტილებით პლატინის აპელაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამავდროულად, შემცირდა მისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმა - ფრანგ ექსჩინოვნიკს, 80 ათასი შვეიცარული ფრანკის ნაცვლად, 60 ათასის გადახდა მოუწევს.
პლატინი ფიფას ეთიკის კომიტეტმა ამავე ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტისგან, ზეპ ბლატერისგან მიღებული 2 მილიონი შვეიცარული ფრანკის გამო ჩამოაშორა ფეხბურთს. მოგვიანებით, ფიფას სააპელაციო კომიტეტმა დისკვალიფიკაციის ვადა 2 წლით შეამცირა, თუმცა პლატინიმ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა და სასჯელის კიდევ 2 წლით შემცირებას მიაღწია.
სასჯელის შემსუბუქების მიუხედავად, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ პლატინი პირადი სარგებლის მიღებაში და ფიფას ეთიკის კოდექსის დარღვევაში დამნაშავედ ცნო, თუმცა დაადგინა, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტის მიერ დაწესებული სასჯელი ზედმეტად მკაცრი იყო.