გიორგი შერმადინს დიდებული დროება უდგას. “მორაბანკ ანდორას” ქართველი ცენტრი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და დიდი შანსია, იგივე მოხდეს, ჯერაც მიმდინარე ტურის თავზე.
შეგახსენებთ, რომ “ხუვენტუტთან” შეხვედრაში გიორგიმ 26 წუთში 26 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა და კარიერისთვის სარეკორდო მარგი ქმედების კოეფიციენტი (36) დააფიქსირა.
სასიხარულოა, რომ შერმადინს ახალი მიღწევის დასაფიქსირებლად სულ რაღაც 1 კვირა დასჭირდა. თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩასთან” მატჩში ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 25:31 წუთი დაჰყო და 27 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
გიორგიმ 13-დან 9 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ ჩატენა, 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 38-ს უწია, რაც მისთვის ახალი მიღწევაა, ტურში კი, ჯერჯერობით, საუკეთესო მაჩვენებელია (დარჩენილია კიდევ 2 მატჩი).
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის “ლაბორალ კუჩამ” 99:91 მოიგო. სტუმართა რიგებში საუკეთესო ბოლო ხანს ასევე ჩინებულ ფორმაში მყოფი ამერიკელი დარიუს ადამსი იყო. მან 27:09 წუთში 25 ქულა მიითვალა. ცხადია, ისევ არ უთამაშია შენგელიას, რომელიც ჯერაც ტრავმას იშუშებს.
“მორაბანკ ანდორა” 12 მოგებით და 19 მარცხით მე-12 ადგილზე იმყოფება, “ლაბორალ კუჩა” კი 23 გამარჯვებით და 9 მარცხით მე-4 პოზიციაზე რჩება. მომდევნო ტური 11 მაისს შედგება და ანდორელები “სევილიას” ესტუმრებიან, ბასკურ კლუბს კი ესპანეთის ჩემპიონატში დასვენება ელის, რადგანაც 13 მაისიდან ევროლიგის “ოთხთა ფინალში” უნდა ჩაებას.