პირველად კარიერაში, გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა 30-ე ტურის მატჩში „ანდორას“ „ხუვენტუტთან“ ულიდერა და გვარიანი პაუზის შემდეგ, მოგება დააგემოვნებინა.
შერმადინმა არასრული 26 წუთი ითამაშა და შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა: 9-დან 8 ორქულიანი და 10-დან ათივე საჯარიმო ჩააგდო, 26 ქულა დააგროვა და ამას 5 მოხსნა მოაყოლა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი 36-ს დაუგროვდა და ამის წყალობით, ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შერმადინმა აჯობა ბარსელონელ ცენტრ ანტე ტომიჩს, რომელმაც „ბილბაოსთან“ მოგებულ მატჩში 16 ქულა, 15 მოხსნა და მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 დაუგროვდა. 25 ერთეულით მესამე შედეგი აჩვენა ტენერიფელმა ალბერტო კორბახომ.
მარგი ქმედების კოეფიციენტი – 36 შერმადინისთვის კარიერაში სარეკორდოა. აქამდე მას ორჯერ (ორჯერვე მიმდინარე სეზონში) ჰქონდა მოგროვებული 34 – წინა ტურში „გრან კანარიასთან“ და მე-14 ტურში – “მონბუსთან“.
ტურის საუკეთესო ქართველმა ცენტრმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე კარიერაში პირველად გავხდი და ამით ძალიან გახარებული ვარ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის – თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. აქამდე რამდენიმე ცუდი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ „ხუვენტუტთან“ ყველამ კარგად ითამაშა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. კმაყოფილები ვართ და კარგი იქნება, თუკი ასევე გავაგრძელებთ“.