გიორგი შერმადინმა ესპანური ლიგაში ძალიან შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრის დიდებული გარჯის წყალობით, „მორაბანკ ანდორამ“ ბადალონას „ხუვენტუტს“ 96:65 სძლია.
შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 25:50 წუთში 26 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (36) არათუ ამ მატჩში, ზოგადად, მთელი ტურის თამაშებში გამორჩეული იყო.
გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი და 10-ვე (!) საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ.
დიდი შანსია, შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს, რადგან მისი საერთო მონაგარი ტურში აქამდე გამართულ ყველა მატჩში საუკეთესოა.
ქართველი ცენტრის შემდეგ ანდორელთაგან გამორჩეული შედეგი ლუკა ბოგდანოვიჩმა (13 ქულა) დააფიქსირა, ხოლო დავიდ ნავარომ და ბენიტო გომესმა 12-12 ქულა მიითვალეს.
12 მოგებითა და 18 მარცხით „ანდორა“ ცხრილში მე-11 ადგილზეა. მორიგ ტურში, 8 მაისს, შერმადინის კლუბი ტრავმირებული თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩას“ უმასპინძლებს. გასულ ტურში ბასკურმა კლუბმა აუტსაიდერი “გიპუზკოა ბასკეტი” 101:73 დაამარცხა და 21 გამარჯვებით მე-4 საფეხურზეა.