ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში უმნიშვნელოვანესი საპლეიოფო მატჩი მოიგო და ნახევარფინალურ სერიას მიუახლოვდა.
ლა კორუნიელები “ბრეოგანს” საშინაო თამაშების შედეგად, საყაიმო ანგარიშზე გაეყარნენ, სტუმრად კი, პირველივე შეხვედრა მოიგეს (76:75) და მეოთხედფინალში 2:1 დაწინაურდნენ.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, ამასთან შეტევაში ბურთი 7-ჯერ (!) მოხსნა.
ბურჯანაძემ მოედანზე 26:42 წუთი დაჰყო და 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 16-ს უწია და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ სერხიო ოლმოს პარდოს ჩამორჩა, რომლის მონაგარიც 17 ქულა და 10 მოხსნა გახლდათ.
სერიის მორიგი დაპირისპირება ისევ ბრეოგანში 1 მაისს შედგება და გამარჯვების შემთხვევაში, ბურჯანაძის კლუბი ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებს, თუ არადა, გადამწყვეტი შეხვედრა შინ ელის.