საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლო 28-ე ტური რუსთავში ადგილობრივი ,,რუსთავისა’’ და ,,ოლიმპის’’ შეხვედრით გაიხსნა.
მასპინძლებმა შეხვედრის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს, რომელიც დიდი ანგარიშით 58:30 მოიგეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 115:86 ,,რუსთავის’’ სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ოლიმპის“ ამერიკელმა ლეგიონერმა, მძიმე ფორვარდმა ლესლი ჯოშუან სმიტმა აჩვენა, რომელმაც 27 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
მასპინძელთა შორის 24-24 ქულით ყველაზე შედეგიანები უკანახაზელი რეზო ჩაჩანიძე და ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი კაელ ტურპინი იყვნენ. ამ უკანასკნელმა დაგროვილ ქულებს 14 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ,,რუსთავის“ კიდევ ერთი ლეგიონერმა, სერბმა მძიმე ფორვარდმა ნიკოლა გაჩეშამ 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
,,რუსთავმა“ მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე წრე კარგად ჩაატარა და პლეი-ოფამდე ცოტა დააკლდა. ჯერ-ჯერობით, ,,აკადემია“-,,მგზავრების“ შეხვედრამდე, რუსთაველები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება ,,ოლიმპს“, ამ გუნდმა ბოლო წრეში ყველა შეხვედრა წააგო და რეგულარული პირველობა ბოლოსწინა მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა.
,,რუსთავი“-,,ოლიმპი“ 115:86 (27:15, 31:25, 25:33, 32:13)