ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ იტალიურ მედიასთან საუბრისას ტურინის “იუვენტუსი” გააკრიტიკა. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონის თქმით, “იუვეს” იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე წლებია ლობირებენ და ამიტომაცაა, რომ “ბებერი ქალბატონი” სამშობლოში წლების განმავლობაში დომინირებს.
“იუვეს” ფენომენალური მოთამაშეები გუნდში კი არა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და იტალიელ მსაჯთა ბრიგადაში ჰყავს. ეს ახალი ამბავი არაა. ისინი მოედანზე ყოველთვის ერთი მოთამაშით მეტნი იმყოფებიან. ნამდვილი სკანდალი იყო “ფიორენტინას” არჩათვლილი გოლი. იგუაინის დისკვალიფიკაცია? – “ნაპოლის” სკუდეტოსთვის რომ არ ებრძოლა, მაშინ მას ერთთამაშიან, ან სულაც ნახევარმატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემდნენ”, - თქვა მარადონამ.
ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ კბილი იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ და ტურინის “იუვენტუსის” ექსდამრიგებელ ანტონიო კონტესაც გაჰკრა. მისი თქმით, კონტე სამარცხვინოდ მოიქცა:
“კონტეს ისტორია ჩემთვის სირცხვილია – იტალიის ნაკრების მწვრთნელი ხარ, რაც მთელ მსოფლიოში წარმოუდგენლად პრესტიჟულია და ამ დროს წინასწარ კონტრაქტს “ჩელსისთან” აფორმებ, ნამდვილად სირცხვილია. ბევრი მწვრთნელი ერთი წელი უმუშევარი რჩება, რადგან ასეთ დროს სხვა გუნდებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ”, - დასძინა დიეგომ.