ტურინის “იუვენტუსის” მცველ ჯორჯო კიელინის პრობლემებს ბოლო არ უჩანს. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იუწყება, კიელინიმ ახალი ტრავმა მიიღო. 31 წლის უკანახაზელი მარჯვენა ფეხზე წამოქმნილი პრობლემის გამო მწვანე მინდორზე გასვლას სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.
კიელინი თავდაპირველად ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაშავდა, მერე ერთ შეხვედრაში მინდორს დაუბრუნდა, მაგრამ იქაც ტრავმა მიიღო და მხოლოდ ახლახან მოახერხა გამოჯანმრთელება. თუმცა, ბედიის ირონიით, პირველივე ვარჯიშზე სხვა სახის დაზიანება მიიღო.
წესით, გამოცდილი მცველის მოძალებული ტრავმიანობა ახლა “იუვეს” ხელმძღვანელებზე მეტად იტალიის ნაკრების დამრიგებელ ანტონიო კონტეს უნდა აფიქრებდეს, რადგან ევროპის ჩემპიონატი კარსაა მომდგარი.