22-24 აპრილს მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი 2016 წლის ოლიმპიადისათვის მსოფლიოს პირველ სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს, სადაც ლიცენზიას წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს.
მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის და სერბეთში ჩატარებული ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 7 ოლიმპიური საგზური აქვს. აქედან 5 თავისუფალთა ნაკრების ანგარიშზეა, 2 კი – ბერძნულ-რომაულის. ჩვენი ნაკრების წევრების უმეტესობა მონღოლეთში, სტამბულის გავლით, პირდაპირ სერბეთიდან გადაფრინდა.
პირველები შეჯიბრებაში “კლასიკოსები” ჩაერთვებიან. 22 აპრილს ბერძნულ-რომაულის სტილის ექვსივე წონის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი დარჩენილი 4 ლიცენზიის მოპოვებას ევროპის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხი (59), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (85), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში რევაზ ნადარეიშვილი (98) და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში იაკობ ქაჯაია (130) შეეცდებიან.
ნაკრებს თან ახლავს მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია, მწვრთნელები აკაკი ჩაჩუა და ზაზა ჯიბლაძე არიან, მსაჯები – ოლიმპიური კატეგორიის რეფერი თემო ყაზარაშვილი და UWW-ს სუპერვაიზერი ედიშერ მაჩაიძე, ექიმები – გიორგი მურცხვალაძე და თეიმურაზ მგელაძე, ხოლო გუნდის ხელმძღვანელი მანუჩარ კვირკველიაა.
თავისუფლებიდან დარჩენილი ერთი ლიცენზიის მოპოვებას კვლავ ზურაბ იაკობიშვილი (65) შეეცდება, რომელიც 24 აპრილს იასპარეზებს. მწვრთნელების რანგში მონღოლეთში რევაზ მინდორაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი არიან.
www.wrestling.ge