კალათბურთი

22:42 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” ვთბ-ლიგას ემშვიდობება?

ქართული “ვითა”, ყაზახური “ასტანა” და რუსული “კრასნი ოკტიაბრი”, სავარაუდოდ, მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2015-16 წლების სეზონის ვთბ-ლიგის გათამაშებაში. ამ ინფორმაციას “იზვესტია” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აღნიშნულის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომლებმაც ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში ჩამოთვლილ გუნდებში თავი არაერთხელ იჩინა.

სხვებზე საუბარს არ დავიწყებთ და ეს, “ვითაში” ნამდვილად თვალსაჩინო იყო. გუნდში შემადგენლობის როტაცია ლამის ყოველთვიურად ხდებოდა და ცხადია, რომ ეს თბილისელთა შედეგებზეც აისახა.

შეგახსენებთ, რომ “ვითამ” ტურნირზე 28 მარცხი განიცადა, ერთადერთი გამარჯვება კი შინ ბელარუსის წარმომადგენელ “ცმოკი-მინსკთან” მიითვალა და ის მატჩიც ერთადერთი ქულით მოიგო. ქართული კლუბი სეზონის დასკვნით შეხვედრას 20 აპრილს ჩაატარებს, როდესაც სარატოვში “ავტოდორს” გაეჯიბრება.

“იზვესტია” იმასაც პროგნოზირებს, რომ ვთბ-ლიგიდან დათხოვნილ გუნდებს მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ. კანდიდატთა შორის პერმის “პარმა”, ეკატერინბურგის “ურალი”, მოსკოვის “დინამო” და “ნოვოსიბირსკი” არიან.

ვთბ-ლიგიდან ქართული და ყაზახური კლუბების აბარგების შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეანიმაციად ჩაფიქრებულ 16-გუნდიან ტურნირში, რუსების გარდა, მხოლოდ ჩეხური “ნიმბურკი”, ლატვიური ვეფ-ი, ბელარუსული “ცმოკი-მინსკი”, ფინური “ბაიზონსი” და ესტონური “კალევი” დარჩებიან.

0.112537