იტალიის მოქმედ ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” რეკორდების სეზონი აქვს. ბოლო 23 მატჩში დაგროვილ ყველაზე მეტ ქულაზე უკვე დავწერეთ, ხოლო მორიგი რეკორდი იმაში მდგომარეობს, რომ “ბებერ ქალბატონს” სერია A-ს მეორე წრეში მხოლოდ ორი გოლი აქვს გაშვებული, რაც იტალიის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლია.
მეორე წრის განვლილ 15 შეხვედრაში ჯანლუიჯი ბუფონის კარში გოლების გატანა მხოლოდ “ტორინოელმა” ანდრეა ბელოტიმ (პენალტით) და “მილანელმა” ალექსმა მოახერხეს. ტურინულ გრანდამდე ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი “კალიარის” ჰქონდა, რომელმაც შორეულ 1970 წელს, მეორე წრის 15 თამაშში 5 გოლი გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ “იუვეს” ნაკლები გაშვებული გოლების მიხედვით კიდევ ერთი რეკორდის მოხსნის შანსი აქვს, ოღონდ საკუთარის – 2011-2012 წლების სეზონში “ბიანკონერიმ” 38 მატჩში 20 გოლი გაუშვა, რაც სარეკორდოა, ხოლო მიმდინარე სეზონში 17-ჯერ მოუწია საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა, წინ კი, კიდევ 5 თამაშია დარჩენილი.