დუბაიში მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ქართველ დიდოსტატ ლევან ფანცულაიას (2604) საპრიზო სამეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.
18th Dubai Open 2016-ის მე-8 ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით ინდოელი სეთურამანი (2658) დაამარცხა და 6.5 ქულა მოაგროვა. ასეთივე მონაგარი აქვთ სომეხ ვლადიმირ აკოფიანს (2656), ინგლისელ გევეინ ჯოუნსს (2650), ბრაზილიელ ალექსანდრ ფიერს (2619) და ირანელ პოურია დარინის (2496).
დამატებითი მაჩვენებლებით, აკოფიანი მეორეა, ჯოუნსი – მე-3, ფანცულაია – მე-4, ფიერი – მე-5, ხოლო დარინი – მე-6. რაც შეეხება პირველ პოზიციას, ის რუს ბორის სავჩენკოს (2607) უპყრია, რომელმაც გასულ ტურში თეთრებით ჰოლანდიის სახელით მოთამაშე ივან სოკოლოვს (2626) სძლია და თავი 7.0 ქულას მოუყარა.
დუბაის ტურნირის მე-8 ტური წარმატებული გამოდგა მე-6 განთესვის მქონე ბაადურ ჯობავასთვისაც (2672). საქართველოს ნაკრების ლიდერმა თეთრი ფიგურებით უკრაინელი ინა გაპონენკო (2408) დაამარცხა და 5.0 ქულით მე-40 ადგილზე გადაინაცვლა.
დასკვნით ტურში ცენტრალური 3 პარტია იქნება: ჯოუნსი – სავჩენკო, ფანცულაია – აკოფიანი და ფიერი – დარინი. რაც შეეხება ჯობავას, ის შავებით აზერბაიჯანელ ზაურ მამადოვს (2456) ეთამაშება.
ცნობისთვის, დუბაის ღია პირველობის საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია და 50 ათას დოლარს უტოლდება, საიდანაც გამარჯვებულს 13 ათასი ერგება, მეორეადგილოსანი 7 ათასს მიიღებს, მე-3 საფეხურზე გასულს კი 5 ათასი ერგება. სულ საპრიზო თანხა თხუთმეტ მოწინავე მოჭადრაკეზე გადანაწილდება.