დასრულდა ესპანეთის მეორე ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც კლუმა “პალენსიამ“ მოიგო და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება მეორე საგზურს, მისთვის ცხრილში მომდევნო 8 ადგილას გასული გუნდები პლეი ოფში იბრძოლებენ.
ანუ, პალენსიელების შემდეგ მეორედან მეცხრე ადგილებამდე გასული გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ და 22 აპრილიდან ბრძოლას საუკეთესოს გამოსავლენად დაიწყებენ. პლეი ოფის ყველა სტადიაზე სერია 3 მოგებამდე გრძელდება.
ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“ ბოლო ტურის მატჩი შინ “ლეიდას“ 100:86 მოუგო და რეგულარული მე-5 ადგილზე, 17 მოგებითა და 13 მარცხით დაასრულა. შესაბამისად, ბურჯანაძის ლაკორუნიულ გუნდს მეოთხედფინალში მე-6 ადგილზე გასული „ბრეოგანი“ ერგო, რომელთანაც მოედნის უპირატესობა გააჩნია და სერიის პირველ მატჩს 22 აპრილს გამართავს.
რაც შეეხება “ლეიდასთან” მოგებულ მატჩს, ბურჯანაძე თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ, ბურჯანაძის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა.
პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის კალენდარი ასე გამოიყურება:
22 აპრილი (ლა კორუნიაში)
24 აპრილი (ლა კორუნიაში)
29 აპრილი (ბრეოგანში)
1 მაისი (თუ საჭირო გახდა, ბრეოგანში)
3 მაისი (თუ საჭირო გახდა, ლა კორუნიაში)
www.gbf.ge