არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია გუნდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც ინტერნეტპორტალ omroepgelderland.nl-ს 28 წლის მცველმა უთხრა, მას ფანების ესმის და პასუხისმგებლობასაც თავის თავზე იღებს.
“ვიტესი” ერედივიზიონის XXXI ტურში საკუთარ მოედანზე ალმელოს “ჰერაკლესს” მასპნძლობს და სწორედ ამ თამაშის გარშემო ისაუბრა კაშიამ.
“ეს თამაში უნდა მოვიგოთ. გულშემატკივრების კარგად მესმის, რადგან ბოლო დროს კარგი შედეგები ვერ ვაჩვენეთ. თუ ვერ იგებ, კრიტიკა ბუნებრივია – როგორც კაპიტანი პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
ჩვენ გვჭირდება ფანების მხარდაჭერა, იმიტომ რომ ერთად ყოფნით შეგვიძლია წარმატების მიღწევა. სწორედ ამიტომ, ვთხოვ გულშემატკივრებს მხარი დაგვიჭირონ”, - ამბობს კაშია.
ბოლო დროს “ვიტესი” მართლაც ცუდად თამაშობს და უკანასკნელ 7 თამაშში მხოლოდ ორჯერ მოიგო. შესაბამისად, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილამდე დაეშვა. არნემელებმა ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე “დენ ჰააგს” (2:2) ვერ მოუგეს და იმ თამაშში გოლოს გატანა კაშიამაც მოახერხა. ჯამში გურამს მიმდინარე სეზონში ერედივიზიონის 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.