ბელარუსის “მინსკის” შემტევმა ვალერიან გვილიამ, როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა უკრაინის წინააღმდეგ (3:3). გვილია უკრაინის მოქალაქე გახლდათ, თუმცა სამშობლოს სახელით თამაში არჩია და კარგი იქნება, თუ მის გზას სხვებიც გაჰყვებიან.
გვილია უკრაინულ Ua-football.com-ს ესაუბრა და ამონარიდებს გთავაზობთ:
- თავის დროზე რატომ არ დარჩით საქართველოში და უკრაინაში რატომ წახვედით სათამაშოდ?
- ჩემს სამშობლოში არის ფეხბურთელად გაზრდის საშუალება, მაგრამ უკრაინაში მაინც გაცილებით მეტი პერსპექტივაა. საქართველოში უკვე აღარაა ის ფეხბურთი, როგორიც საბჭოეთის დროს იყო. აღარაა ის დონე. თუმცა ვხედავ უკეთესობისკენ ცვლილებებს. ვფიქრობ, თავის დროზე სწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა საქართველოდან წავედი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე სამშობლო გავცვალე. ყოველთვის ვოცნებობდი და ვოცნებობ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. ამასწინათ 21-წლამდელებში ვითამაშე, ასე რომ, ერთ მიზანს მივაღწიე, ახლა კი ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეროვნულ ნაკრებშიც მოვხვდე.
- “მეტალისტის” აკადემიაში მისვლისას უკრაინის მოქალაქეობა მიიღეთ. რატომ?
- იქ 16 წლისა მოვხვდი და ლეგიონერად ვითვლებოდი. განსაკუთრებულად ვთამაშობდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემში დიდი ფულის გადახდა უწევდათ. უკრაინის მოქალაქეობის მიღებამ ლეგიონერის სტატუსი მომიხნა და მომცა საშუალება, მეთამაშა ახალგაზრდულ გუნდში, დუბლებში, შემდეგ უმაღლეს ლიგაშიც. ამან ცხოვრება გამიადვილა და უკვე შემეძლო, თამაშით დამემტკიცებინა ოსტატობა.
- და უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებშიც გამოგიძახეს.
- დიახ, 4 მატჩი ჩავატარე ვალერი ლობანოვსკის მემორიალზე, თუმცა საქართველოს სახელით თამაში მსურდა და ამას არც მაშინ ვმალავდი. როგორც ღმერთია ერთი, ასეა სამშობლოც. ისე მოხდა, რომ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ შედგა ჩემი დებიუტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები იღიმებოდნენ და მილოცავდნენ, ოცნება აიხდინეო. რა თქმა უნდა, უკრაინას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა და სწორედ სამშობლოს ვაყენებ პირველ ადგილზე.