აქამდე მოკრძალებული ინგლისური “ლესტერი” ახლა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრშია. კლაუდიო რანიერის გუნდმა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით ბევრი მხარდამჭერი და თაყვანისმცემელი შეიძინა, რომელთა შორისაა კამერუნელი სამუელ ეტოოც. “ბარსელონასა” და “ინტერის” ყოფილი ფორვარდი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ორი სეზონი გაუტარებია ინგლისურ პრემიერლიგაში (“ჩელსისა” და “ევერტონის” შემადგენლობაში), “ლესტერის” წარმატების საიდუმლოს კლაურიო რანიერიში ხედავს.
“არაერთი კლუბის თამაშით მოვხიბლულვარ, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ “ლესტერზე” შეყვარებული ვარ. ჯეიმი ვარდი? ის ძალიან კარგია, მაგრამ “ლესტერის” ფენომენი რანიერია. კლაუდიო შეუდარებელია, მისი გუნდი კი ყველასთვის სიურპრიზია და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გახდება ჩემპიონი” - ციტირებს ეტოოს სიტყვებს Goal.com-ი.
“ლესტერი” სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე პრემიერლიგის სათავეშია და უახლოეს მდევარ “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს.