გაირკვა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში დაუპირისპირდება.
შაფათავას მოწინააღმდეგე “უაილდ ქარდის” მქონე თურქი სელინ ოვუნჩი იქნება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, სოფო პირველი რეიტინგის მქონე ტაივანელ ჰსიეს და ბულგარელ შინიკოვას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა მე-2 ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში შვედ ლისტერსა და ინდოელ რაინას ეთამაშებიან.
თურქეთშივე, ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა ანა შანიძემ. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში თურქ ოდულ ოკურს 6:1, 6:0 სძლია, შემდეგ კი, მე-8 ნომრად განთესილ ბელგიელ ელიესა ვანლანგენდონკს 5:7, 6:0, 7:6 (7:4) მოუგო.
ძირითად ბადეში ანას მეტოქე ასევე კვალიფიკაციიდან გამოსული გერმანელი ლისა-მარი მეჩკე იქნება. წყვილებში შანიძე და რუსი ანასტასია გასანოვა სამხრეთკორეელებს – ანსა და ლარკს ეთამაშებიან.