ფეხბურთი

23:04 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელები: ბულგარეთთან 1:1 და პენალტებში 3:5

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასის გათამაშება მასპინძელ ბულგარეთთან ფრით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ტურნირის მასპინძელთან სპორტკომპლექს „ალბენას“ ცენტრალურ სტადიონზე გამართა პირველი მატჩი და ზურა დავითაშვილის მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა. ბულგარელებმა მატჩის გადარჩენა მაინც შეძლეს - 72-ე წუთზე კუნ ტემენუჟკოვმა თავურით გაიტანა.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც ბულგარეთმა 5:3 იმარჯვა.
ბულგარელებთან გურამ ასპინძელაშვილმა ასეთი შემადგენლობა დააყენა: ბულისკერია, ბასარია (კაპანაძე), ჯინჯოლავა, ხარაბაძე (ჯავახიშვილი), დავითაშვილი (გრძელიძე), ბაბუნაძე (ხარშილაძე), გაბუნია, ივანიაძე (გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი, ფაღავა (დარცმელია).
სათადარიგოები: მეგრელიშვილი, გაბედავა, გობრონიძე, ბუიღლიშვილი.
მომდევნო მატჩს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 13 აპრილს ჩაატარებს რუმინეთთან, რომელმაც პირველ ტურში ხორვატიას 1:0 სძლია.
ცნობისთვის, ბულგარეთი 17-წლამდელთა ევროშესარჩევშიც იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე. საკვალიფიკაციო ეტაპი წლეულს შემოდგომაზე გაიმართება ფინეთში: ფინეთი, ბულგარეთი, შვედეთი, საქართველო – ასეთი იქნება ჩვენი ჯგუფი, საიდანაც ორი ნაკრები გავა ელიტრაუნდში.

0.160351