“მილანი” – “იუვემ” ბევრის ცხოვრება შეცვალა. “გავიტანე უამრავი გოლი, მაგრამ ბუფონის კარში გატანილ პენალტს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ”...
“ოლდ ტრაფორდი”, 28 მაისი, 2003 წელი – ანდრეი შევჩენკო მიდის თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი პენალტის დასარტყმელად. “მილანს” ლიგა 9 წელი არ მოეგო, ახალ საუკუნეშიც წარმატებით ვერ თამაშობდა... ბევრს აღნიშნულ მომენტში ფეხები აუკანკალდებოდა, მაგრამ შევჩენკო ცივსიხლიანი მოთამაშე იყო. ბუფონს აჯობა და “მილანის” ტიფოზები სიხარულის მორევში გადაუშვა...
მას შემდგომ 13 წელი გავიდა. ისინი დღეს, “სან სიროზე” ითამაშებენ და არა მანჩესტერში. არც ჩემპიონთა ლიგის ფინალია, მაგრამ ბევრი რამის გამო, მეტად მნიშვნელოვანი: “იუვე” სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული, ხოლო “მილანმა” ყველას პასუხი უნდა გასცეს.
- მაგრამ ეს იქნება ჩვეულებრივი ბრძოლა. “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის ყოველთვის ულამაზესი თამაშები არ იმართება, ყოველთვის ფინალის ტოლფასი არაა. თუმცა, მნიშვნელობა აქვს ისეთ მატჩებსაც, რომლებიც ბევრს არაფერს წყვეტენ.
- თქვენ შეხვედრიხართ “იუვეს” ბევრ, დიდ მცველებს...
- ვიცნობ რამდენიმე თაობის წარმომადგენლებს. ჯერ კიდევ კიევის “დინამოში” ყოფნისას მომიწია “იუვენტუსთან” თამაში. ყველა იყო შესანიშნავი მეტოქე: ზიდანი, დელ პიერი, ინძაგი, კონტე, დეშამი, ნედვედი, ვიერი, ტრეზეგე... ეს რა თქმა უნდა, თავდამსხმელები, მაგრამ მცველები ისეთი ჰყავდათ, მათგან სწავლა შეიძლებოდა დაცვაში თამაშის – ბუფონი, კანავარო, მონტერო, ტურამი, ფერარა, იულიანო... მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ურთულესი გახლდათ. ფინალის გარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირისპირება მაგონდება კარგად. მაგალითად, 2004 წელს ტურინში 3:1 მოვიგეთ. ჯერ მე გავიტანე, მერე ზეედორფმა ორჯერ გაიტანა. ეს, მაშინ, როდესაც სკუდეტო მოვიპოვეთ. ფინალამდე რამდენიმე თვით ადრე კი, 2:1 დავამარცხეთ “იუვე”. ტურინელთაგან ნედვედმა გაიტანა, ხოლო ჩვენგან, მე და ინძაგიმ. ჩემი აზრით, ესეც მნიშვნელოვანი მოგება იყო.
- მკვეთრი მოგონებები...
- ყველაფერი მახსოვს. ამასთან ისეთი ტიპის ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც თამაშებს ათჯერ უყურებდა. ვფიქრობ, ამ თვისებამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. გაუმჯობესების სურვილი ყოველთვის უნდა გქონდეს და მე ეს არასდროს მაკლდა. დამთავრდებოდა თამაში თუ არა, თავიდან ვუყურებდი ყველაფერს. თუმცა ბოლო წლებში ეს ხშირად არ ხდებოდა. და მაინც, კარგად მახსენდება ევრო 2012-ზე შვედეთის ნაკრების დამარცხებაც...
- სწორედ უკრაინის თემაზეც; მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხართ...
- სიმართლე გითხრათ, მეორე მწვრთნელი ვარ და ამასთან ვსწავლობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ეს შანსი მომცა. ევროპის ჩემპიონატზე სათადარიგო სკამზე ვიქნები, ეს ძალიან სასიამოვნოა.
- როგორი ტიპის მწვრთნელი იქნება შევჩენკო?
- ამაზე საუბარი ნაადრევია. მე გამიმართლა და ვიმუშავე დიდ მწვრთნელებთან, მყავდა დიდებული თანაგუნდელები, ვთამაშობდი უდიდეს გუნდებში. ყველაფერი ეს, წლებთან ერთად მიღებული გამოცდილება თავს ერთად იყრის და დგება ახალი გამოცდილება...