კალათბურთი

0:31 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნიმბურკთან” მინუს 60 განმეორდა

თბილისის ”ვითამ” ვთბ-ლიგის გასულ ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა, თუმცა, გუშინ ეს მცირე წარმატება მორიგი სასირცხვილო მარცხით გადაფარა. ქართული კლუბი ჩეხეთში “ნიმბურკს” ერთადერთი ლეგიონერით ესტუმრა და 51:111 განადგურდა.

საინტერესოა, რომ გასული წლის დეკემბერში ამ გუნდებმა თბილისში ითამაშეს და “ვითა” მაშინაც 60 ქულის სხვაობით – 59:119 დამარცხდა. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ვთბ-ლიგაში ჩეხები თბილისელთათვის ყველაზე უხერხული მეტოქეები არიან.

27 მარტს ბელარუსულ “ცმოკი-მინსკთან” მოგებული (81:80) მატჩისგან განსხვავებით, ნიმბურკში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ამერიკელებს დანიელ ბეჯარანოს და ანდრე ჯონსს და რუს ვლადისლავ სტარატელევს.

შედეგად, “ვითას” განაცხადში მხოლოდ 6 კალათბურთელი მოხვდა და ცხადია, რომ ამ ფონზე რაიმე წარმატებაზე ფიქრი ძნელი გახლდათ.

სტუმართაგან შეუცვლელად ითამაშა ლუკა გიორგაძემ, რომელიც ოთხ ქულას დასჯერდა, ერთადერთმა ლეგიონერმა – უკრაინელმა კონსტანტინ ანიკიენკომ 10 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, საუკეთესო კი ახალგაზრდა მაიზერ რევაზაშვილი იყო, რომელმაც 35:46 წუთში 21 ქულა (მათ შორის, 5 სამქულიანი) და 5 მოხსნა მოაგროვა.

“ვითა” ერთადერთი მოგების ფონზე 27 მარცხით ბოლო ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 10 აპრილს, შინ, მე-15 პოზიციაზე მყოფ ყაზახურ “ასტანასთან” გამართავს.

0.143934