„მსოფლიო რაგბის“ ფრანგი პრეზიდენტის, ბერნარ ლაპასეს მოსაზრებას, რომელიც ევროპული რაგბის განვითარებისთვის ექვსი ერის გახსნის აუცილებლობაზე და ასვლა-ჩასვლის სისტემის დანერგვაზე საუბრობს, ფრანგული გამოცემა L’equipe-ს მიერ ორგანიზებული ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად, 84% იზიარებს.
„იტალიის ნაკრების კაპიტანს, სერჟიო პარისეს ალბათ არ ესიამოვნება, მაგრამ 96 785 გამოკითხული ადამიანიდან, 84% პროცენტი ექვსი ერის გახსნის იდეას ემხრობა, მხოლოდ 14%-ია წინააღმდეგი და 2% პასუხისგან თავს იკავებს. საქართველოს ნაკრები ბოლო რამდენიმე წელიწადია ერთა თასს უკონკურენციოდ იგებს, ექვსი ერის კარზე სულ უფრო და უფრო ძლიერ აკაკუნებს და ერთ მშვენიერ დღეს ეს კარი აუცილებლად გაიხსნება. წელს იტალიის ნაკრებმა ექვს ერზე ყველა თამაში წააგო და ტურნირი ბოლო ადგილზე, უსახელო დაასრულა“ - წერს L’equipe.
ამის შემდეგ სტატიაში რამდენიმე ცნობილი ფრაზაა მოყვანილი: სერჯიო პარისეს სიტყვები, რომელიც მან 20 მარტს უელსთან მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა - „საქართველოსა და რუმინეთისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ექვს ერში თამაშს ჩვენზე მეტად არავინ იმსახურებს“; საქართველოს ნაკრების კაპიტნის, მამუკა გორგოძის პასუხი - „მოდით ვათამაშოთ ექვსი ერის ბოლოადგილოსანი ერთა თასის გამარჯვებულთან და ვნახოთ რა მოხდება“; და რა თქმა უნდა ლაპასეს სიტყვები - „თუ გვსურს რაგბის მომავლისკენ ვიყუროთ, ექვსი ერი აუცილებლად უნდა გაიხსნას. არა აქვს მნიშვნელობა ასვლა-ჩასვლა პირდაპირ მოხდება, თუ პლეი ოფის მეშვეობით“.
იდეა წამოჭრილია და ახლა ჯერი ლაპასეს შემცვლელზე, ინგლისელ ბილ ბომონტზეა, რომელიც მსგავსი იდეით არასდროს გამოსულა და ლაპასემაც, მმართველობის 8-წლიან პერიოდში, ეს საკითხი მხოლოდ ახლა, წასვლამდე ერთი თვით ადრე წამოაყენა.