საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ 27 მარტს, ფოთში „ბათუმისა“ და თბილისის „არმიას“ შორის გამართული მატჩის დროს და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი დისციპლინარული დარღვევები განიხილა და სასჯელები ჩამოარიგა.
განხილვისას სადისციპლინო კომისიის წევრები დაეყრდნენ კომისრის ოქმს, მთავარი მსაჯის - ნიკა ამაშუკელის და დამხმარე მსაჯების განცხადებებს, ასევე ოფიციალურ ვიდეომასალას და დააგინეს, რომ „არმიას“ მთავარი მწვრთნელი ნიკო ჭავჭავაძე მსაჯის გადაწყვეტილებებზე არაკორექტულად აპელირებდა, არაეთიკურად და არასპორტულად იქცეოდა. შედეგად, ის დისკვალიფიცირებულია სამი სათამაშო კვირით და კლუბი დაჯარიმდა 500 ლარით;
თბილისური კლუბის წარმომადგენელმა ჯაბა კიზირიამ მსაჯს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც მას 5-წლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და კლუბს 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა;
მსაჯის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა დაუდგინდა კლუბის კიდევ ერთ წარმომადგენელ გიგა ჩაჩავას, რისთვისაც ერთი წლით რაგბის ჩამოაშორეს და კლუბს ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დაეკისრა;
ხოლო მოთამაშეები - გიორგი აფციაური და ილო სურგულაძე მსაჯს ეკამათებოდნენ, უდიერად და აგრესიულად ესაუბრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამისათვის ისინი სამი სათამაშო კვირით არიან დისკვალიფიცირებული და კლუბი 200-200 ლარით დაჯარიმდა.
ამრიგად, „არმიას“ ჯამში დაახლოებით 8-ათასამდე ლარის გადახდა დაეკისრა, მოთამაშეებს და მთავარ მწვრთნელს კი, დისციპლინარული სასჯელის მოხდა მომდევნო სეზონის საწყის ტურებშიც მოუწევთ. თუმცა, საქმე, ამით არ დასრულებულა და ახლა გუნდის ბედი საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის ხელშია. სადისციპლინო კომისიის ბოლო პარაგრაფში წერია:
„მსაჯთა წერილობითი განცხადებებიდან დგინდება, რომ მატჩის მთავარ მსაჯ ნიკა ამაშუკელს, ინციდენტის დროს მიყენებული ექნა სხეულის დაზიანება [ჭრილობა]. აღნიშნული ფაქტის განხილვა სცილდება სრკ-ს სადისციპლინო კომისიის კომპეტენციას. აქედან გამომდინარე სრკ-ს სადისციპლინო კომისია მიმართავს სრკ-ს პრეზიდენტს, რომ ზემოთხსენებული ინციდენტი გახდეს სრკ-ს გამგეობის მსჯელობის საგანი“.
როდის შეიკრიბება გამგეობა ამ საკითხის განსახილველად, ჯერჯერობით უცნობია.