კალათბურთი

0:57 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიბანიდან ირანში
ცქიტიშვილი პირდაპირ ნახევარფინალურ სერიაში ჩაერთო

33 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ირანული “ჩემიდორის” წევრი გახდა და ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილი ბოლოს ლიბანის “ჩემპვილში” ირრიცხებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა, ლიდერებთან განშორება მოუხდა. ამ დღეებში ჩემპვილელთა ამერიკელი ბომბარდირი (საშუალოდ 24.5 ქულა) მარკუს ბენკსი ყატარულ “ალ ღარაფაში” გადაბარგდა, ცქიტიშვილმა კი გეზი თეირანისკენ აიღო.

ნიკოლოზის ახალი გუნდი ირანული ლიგის ნახევარფინალურ სერიაში იბრძვის, თუმცა, ქართველი ფორვარდის სადებიუტო შეხვედრაში მარცხი შეემთხვა. გუშინ “ჩემიდორი” “ნაფტ აბადანს” ესტუმრა, 73:78 წააგო და სერიაში 1:2 ჩამორჩა.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 16:26 წუთში კი 6 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა. ნიკოლოზმა 6-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ჩემიდორი” სერიის მომდევნო შეხვედრას, შინ, 6 აპრილს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117107