უზბეკეთის ქალაქ კარშიში სტარტი აიღო 25-ათასიანმა საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც ძალებს ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველიც სცდის.
მეტრეველი მე-2 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ, უზბეკ შონიქმატჯონ შოფაიზიევს ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ბელარუსი ილია ივაშკა რუს ფედორ ჩერვიაკოვს და დენის იევსეევს გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ კარშში ქალთა 25-ათასიანი ტურნირიც იმართება, რომელშიც მე-3 ნომრად განთესილმა სოფო შაფათავამ უკრაინელ ვერონიკა კაპშაის 6:4, 5:7, 7:5 სძლია და მერვედფინალში გააღწია. მერვედფინალში სოფო სლოვაკ რებეკა სრამკოვას და უზბეკ არინა ფოლტსს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა რუს ოლგა დოროშინასთან გახლავთ შეამხანაგებული და მერვედფინალში ძალებს მე-3 რეიტინგის მქონე სერბულ-ბულგარულ დუეტთან (სტოიანოვიჩი-ტერზისკა) მოსინჯავს.
გაირკვა იმ მეტოქეთა ვინაობა, რომელთაც მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ მარიამმა გასულ კვირას ანალოგიურ შეჯიბრში უკვე იმარჯვა, ახლა კი, წარმატების განმეორებას ეცდება.
ერთეულთა ტურნირში მე-4 ნომრად განთესილი ბოლქვაძე “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ კლაუდია ფრანცეს ეთამაშება, ხოლო წყვილებში მარიამი და ფრანგი ვიქტორია მუნტეანი რუსებს – ბოჟუკოვას და პოგრებნიაკს გაეჯიბრებიან.