ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირში ჩაერთო.
ერთეულთა შეჯიბრში მე-3 ნომრად განთესილი შაფათავა პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – უკრაინელ ვერონიკა კაპშაის დაუპირისპირდა და 6:4, 5:7, 7:5 სძლია. მერვედფინალში სოფო სლოვაკ რებეკა სრამკოვას და უზბეკ არინა ფოლტსს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა რუს ოლგა დოროშინასთან გახლავთ შეამხანაგებული და მერვედფინალში ძალებს მე-3 რეიტინგის მქონე სერბულ-ბულგარულ დუეტთან (სტოიანოვიჩი-ტერზისკა) მოსინჯავს.
ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში რჩება მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ზედიზედ მე-2 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას ანალოგიური შეჯიბრი დამაჯერებლად მოიგო და ახლაც ფავორიტთა შორის იქნება. სავარაუდოა, რომ მარიამი ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებმება.