ფეხბურთი

10:31 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინს მკაცრი სასჯელი ელოდება

გონსალო იგუაინი შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს. საქმე ისაა, რომ 28 წლის არგენტინელი ფორვარდი სერია A-ს ბოლო ტურში “უდინეზესთან” (1:3) მატჩის 75-ე წუთზე ფელიპესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, რის შემდგომაც იგუაინი გაცხარდა და შეხვედრის მთავარ არბიტრ მასიმილიანო ირატის ლამის ხელით შეეხო.

არგენტინელის დაწყნარებას მოედანზე ჯერ ფეხბურთელები ცდილობდნენ, შემდეგ უკვე გასახდელში მიმავალ გზაზე “ნაპოლის” სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდათ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელს გამოუტანს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი სამხრეთამერიკელ შემტევს, მაგრამ სავარაუდოა, რომ იგი სამთამაშიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

არადა, გონსალო წლეულს ჩინებულად თამაშობს და 32 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი. სხვათა შორის, იგუაინი შვედი გუნარ ნორდალის რეკორდთან ძალიან ახლოსაა: სკანდინავიელმა შორეულ 1949-1950 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში 35 გოლი გაიტანა, რაც ერთ სეზონში ნაჩვენები შედეგიანობის მხრივ დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია.

0.11599