დღეს, ლონდონის “ჩელსი” იტალიელ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ოფიციალურად წარადგენს. 46 წლის სპეციალისტი უკვე ლონდონში იმყოფება და “არისტოკრატებს” ბედს მომდევნო სამი წლით დაუკავშირებს. ამ დროის განმავლობაში კონტე გასამრჯელოს სახით 6.5 მილიონ ევროს მიიღებს (სეზონში).
კონტე “ჩელსიში” მუშაობას დამდეგი ზაფხულიდან შეუდგება. ანუ, მას შემდგომ, რაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი დასრულდება. მოგეხსენებათ, პულიელი სპეციალისტი ამჟამად იტალიის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში და საფრანგეთში გასამართი ევროფორუმისთვის ემზადება.
კონტემ სახელი ტურინის “იუვენტუსში” მუშაობით გაითქვა, რომელსაც 2011-2014 წლებში ზედიზედ სამჯერ მოაგებინა სკუდეტო. 2011-2012 წლების სეზონში კი, “ბებერმა ქალბატონმა” ტიტულის მოგება წაუგებლად (38 თამაში) მოახერხა. მანამდე ანტონიო ქვედა ლიგელ “ბარის” ხელმძღვანელობდა და იქაც, წარმატება ჰქონდა. რაც შეეხება “სკუადრა აძურას”, კონტემ იგი 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა.