გიორგი ცინცაძის „რუენი“ დიდი ალბათობით საფრანგეთის უმაღლეს ლიგას დატოვებს. მორიგი, 27-ე ტურის მატჩში რუანელები „შალონს“ ესტუმრნენ, 74:108 წააგეს და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ბოლოსწინა ადგილზე არიან.
ცხრილში მათ წინ მყოფ „ნანსის“ 4 ქულით მეტი აქვს და დიდი მოულოდნელობა იქნება, დარჩენილ მატჩებში ეს ჩამორჩენა რომ აღმოიფხვრას.
შალონში ცინცაძის გუნდს შანსი არ ჰქონია. სტუმრებმა ყველა მეოთხედი წააგეს - განსაკუთრებით კი მესამეში გაუჭირდათ, რომლის შემდეგაც სხვაობამ 30 ქულას გადააჭარბა და მატჩმა ფორმალური ხასიათი შეიძინა.
ცინცაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთი გაატარა, რის განავლობაშიც 1 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა, თუმცა 5 პასი მიითვალა, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. რუანში 18-18 ქულით რონ ლუისი და გერშონ იაბუსელე გამოირჩნენ, გამარჯვებულ შალონელებს კი ჯერემი ჰაზელმა ულიდერა, რომელმაც მატჩის MVP-ის ტიტული დაიმსახურა.
5 მოგებითა და 22 წაგებით „რუენი“ ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მორიგი ტურის მატჩს 8 აპრილს, შინაურ „კინდარენაზე“ „რეიმსთან“ გამართავს.
www.gbf.ge