დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალური დირექტორის ჰანს-იოახიმ ვაცკეს განცხადებით, კლუბი მოხარული იქნება თუ მარიო გიოტცე დაუბრუნდება. "ბაიერნის" ფეხბურთელს ტრავმიანობის გამო გუნდში მძიმე პერიოდი უდგას და შესაძლოა ზაფხულში მიუნხენური გრანდიდან წავიდეს.
"ამჟამად მარიო "ბაიერნის" ფეხბურთელია. მისი კონტრაქტი მიუნხენელებთან 2017 წლის ივლისამდე მოქმედებს და ჯერჯერობით არ მსმენია, რომ მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურდეთ. ამ დროისთვის მარიოს დაბრუნებას არ განვიხილავთ, თუმცა ყოფილი ფეხბურთელებისთვის კარი ყოველთვის ღიაა. მოხარული ვიქნებით თუ გიოტცე დაბრუნდება." - განუცხადა Bild-ს გერმანელმა.
მიმდინარე სეზონში გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა "ბაიერნის" რიგებში 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით 45-დან 40 მილიონ ევრომდე დაეცა.