ფეხბურთი

1:01 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრე და ვაისის ბევრი საფიქრალი (+VIDEO)

ვერ გამოდგა ისეთი მატჩი, როგორსაც ველოდით. და ველოდით, რა თქმა უნდა, მოგებას. უპირატესობა უპირატესობად, საერთო ჯამში კი ფრეს დავჯერდით ყაზახეთთან საშინაო შეხვედრაში. ტაიმის ბოლოს გაიცვალა გოლები, მეორე ნახევარში კი ქართველებმა ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს.
ქართველთა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სადებიუტო შეხვედრაში სიახლე შემოგვთავავაზა და პირველ ტაიმში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე ათამაშა ნაკრები. ყველაზე წინ ვაკო ყაზაიშვილი მოქმედებდა და “ვიტესში” რამდენიმე მატჩი კი ჩაუტარებია ფორვარდად, მაგრამ მაინც, ეს მისი პოზიცია არაა.
4-2-3-1 სქემისთვის არ გადაუხვევია ვაისს, ოღონდ, მეორე ნახევარში გიორგი ჭანტურიას ნაცვლად ნიკა კაჭარავა შეიყვანა და ჭანტურიას ადგილზე, მარჯვენა შემტევად ყაზაიშვილი გადასწია. ჯანო ანანიძე მარცხენა შემტევად მოგვევლინა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ცენტრში, თავდამსხმელის უკან. ოღონდ, შემტევი ოთხეული ადგილებს ცვლიდა. ოქრიაშვილი საუკეთესო იყო გუნდში და გოლიც გაიტანა: ხანგრძლივი შეტევა იყო, უჩა ლობჟანიძემ მარჯვნიდან ჩააწოდა, ჭანტურიამ გაატარა და თორნიკემ მშვენივრად შეასრულა დარტყმა.
ამ გოლით 1:1 გახდა, მანამდე ორი წუთით ადრე კი ყაზახებმა კლასიკური კონტრშეტევით გაიტანეს: ოქრიაშვილის მწვავე პასი ჩაიჭრა, ყაზახებმა უცებ გაითამაშს ბურთი, მარჯვნიდან მუჟიკოვი შეიჭრა და მის დაბალ გადაცემას ნურგალიევის ერთ შეხებაში დარტყმა მოჰყვა. ამ მომენტში ჩვენი დაცვის მარცხენა ფლანგი მოშიშვლდა, თუმცა ზოგადად, მარცხენა ფლანგიდან უფრო მეტს უტევდნენ ჩვენები.
გიორგი ნავალოვსკი პირველ ნახევარში აქტიური იყო, აი, ჯანო ანანიძე კი მხოლოდ ერთ ეპიზოდში გამოირჩა, როცა მოედნის ცენტრში სამ ფეხბურთელს გასცდა და მეოთხემ წააქცია. ეს არ კმარა, ჯანოს მეტი მართებს და სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, როცა თამაშს აგდებს.
სათითაო მომენტს არ ჩამოვთვლით, თუმცა პირველ ნახევარში ყველაზე რეალური შანსი ყაზაიშვილს ჰქონდა, როცა ჯაბა კანკავას მიერ დაწყებულ შეტევას ასრულებდა. ყაზახთა მეკარე დავით ლორიამ იყოჩაღა. ეს მომენტი ყაზახთა გოლამდე ორიოდე წუთით ადრე შეიქმნა.
ქართველებს რაც კარგად გამოსდიოდათ, ეს იყო მეტოქის ნახევარზე, ან ცენტრში ბურთის ართმევა. ამ მხრივ არა მხოლოდ კანკავა და დებიუტანტი გიორგი აბურჯანია, არამედ ყაზაიშვილი და ოქრიაშვილიც გამოირჩეოდნენ. აი, მერე კი... მერე გაგრძელებას ვერ პოულობდნენ ჩვენები, შეტევას სწრაფად ვერ ავითარებდნენ.
მეორე ტაიმში გურამ კაშიას მიერ აცილებულ თავურს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ერთი რეალური შანსი შეიმქნა: შეცვლაზე შესულმა ლევან ყენიამ პირველივე შეხებით მწვავე პასი გაუკეთა კაჭარავას, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და უფანტაზიოდ დაარტყა – მეკარეს მოარტყა ბურთი. კაჭარავა მონდომებული იყო, თუმცა ვერაფერს გამორჩა. ერთ მომენტში სამ მცველთან ჭიდილში წაიქცა და პენალტს ითხოვდა, ოღონდ აშკარა წესის დარღვევა ნამდბვილად არ ყოფილა.
ისე, უცნაურად მოგვეჩვენა, რომ შეცვლები დააგვიანა მწვრთნელმა - მეორე ნახევარში ჩვენი შემტევები დაიღალნენ. თუმცა ვაისმა ეს ახსნა პრესკონფერენციაზე, კლუბებში ვისაც ნაკლები თამაში უწევდა, მათ მეტი სათამაშო დრო მივეციო.
ეჭვი გვაქვს, ვაისი მომდევნო ამხანაგურებში კორექტივებს მოახდენს შემადგენლობაში. თამაშშიც ბევრი რამ არის დასახვეწი, მაგალითად, წეღან ნახსენები მეტოქის ნახევარზე მოედნის პრესინგი კარგია, თუმცა თუ გაგრძელება არ მიეცა, რა აზრი აქვს? ძალიან ხშირად ვაყოვნებდით თამაშს, არადა, ყაზახებს როგორც კი სივრცე მიეცემოდათ, დააკვირდებოდით, როგორ ამწვავებდნენ – ეგაა, საშემსრულებლო კლასი აკლდათ.

29 მარტი. 21:00 საათი. თბილისი. “დინამო არენა”
საქართველო-ყაზახეთი 1:1 (0:1)(VIDEO)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე (ვაწაძე 89), კაშია, ამისულაშვილი (კვირკველია 46), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 78), ოქრიაშვილი, ჭანტურია (კაჭარავა 46), ანანიძე (ყენია 78), ყაზაიშვილი
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ყაზახეთი: ლორია, ბაისებეკოვი, ლოგვინენკო, შჩეტკინი, ნურგალიევი, მალი, შომკო, კუატი, სმაკოვი, მუჟიკოვი, სუიუმბაევი
შეცვლაზე შევიდნენ: პლოტნიკოვი, ხიჟნიჩენკო, კონისბაევი, ისლამხანი, ბაიჟანოვი, ტაგიბერგენი
მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი
გოლები: 0:1 ნურგალიევი (36), 1:1 ოქრიაშვილი (38)
მსაჯი: პიზანი (მალტა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.264213