25-26 მარტს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართა მსოფლიო თასის გათამაშება სამბოში. ეს პრესტიჟული ტურნირი სპორტულ სამყაროში ხარლამპიევის მემორიალის სახელით არის ცნობილი და ყოველწლიურად ტარდება.
მოსკოვში ტრადიციისამებრ ამჯერადაც მრავალი ქვეყნის არაერთი წარმატებული სპორტსმენი ვიხილეთ. მათ შორის ქართველებიც.
ჩვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს თასზე ძალიან კარგად გამოვიდა. ოქროს მედლები ვაჟებში მძიმეწონოსანმა ბექა ბერძენიშვილმა, ხოლო გოგონებში შორენა შარაძემ ( 60 კგ ) და ნინო ოძელაშვილმა ( 72 კგ ) მოიპოვეს.
ბრინჯაოს მედლებს მინდია ლილუაშვილი ( 68 კგ ) , ნიკო კუცია ( 82 კგ ) და გენადი ჩირგაძე ( 62 კგ ) დაეუფლნენ .
უნდა ითქვას, რომ საქართველო ამ ტურნირზე მთლად უპირველესი შემადგენლობით არ ყოფილა წარმოდგენილი.
ვაჟებში გვაკლდნენ მსოფლიოს ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი და დავით ლორიაშვილი, ბრინჯაოს მედალოსნები ლევან ნახუცრიშვილი და ბესო ბერულავა.
გოგონებში კი მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ელენე ქებაძე, ბრინჯაოს მედალოსანი ირინე ლეონიძე და ასევე თეონა სუხიტაშვილი.
ასეთი დანაკლისის მიუხედავად ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა, რაც მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატის წინ დიდი იმედების საფუძველს იძლევა.
ხარლამპიევის მემორიალი კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის მოსამზადებელ გენერალურ რეპეტიციად განიხილებოდა. მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა სწორედ ამ მიმართულებით აიღო გეზი და მოსკოვში ძირითადად ის სპორტსმენები იახლა, ვისი გამოცდაც კონკურენციის კუთხით სურდა.
ცალსახად საუცხოო ჭიდაობა აჩვენა მძიმეწონოსანმა ბექა ბერძენიშვილმა. წინა მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედალოსანმა ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო და დამსახურებულად იპირველა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი ფინალური შეხვედრა რუს მეტოქესთან და მშრალად გამარჯვება 6:0 .
ეს ახალგაზრდა სამბისტი ჯერ კიდევ შარშან მაროკოს მსოფლიოს ჩემპიონატზე შევნიშნეთ და უკვე მაშინ ვუწინასწარმეტყველეთ დიდი მომავალი.
როგორც ვხედავთ ბერძენიშვილი ამართლებს გაცემულ ავანსებს. ის მძიმე წონაში მსოფლიოში ყველასთვის ანგარიშგასაწევ სპორტსმენად ჩამოყალიბდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართველი გოგონების გამოსვლა. მუზაშვილის გუნდში სუსტი სქესის ორი წარმომადგენელი იყო და ორივემ ოქროს მედალი მოიპოვა !
აჭარელი შორენა შარაძე გამოცდილი მებრძოლია. მას შარშან სულ ცოტა დააკლდა მსოფლიოს ტრიუმფატორი რომ გამხდარიყო და ამიტომ წელს გაორმაგებული შემართებით ცდილობს მიზნის მიღწევას.
რუსეთში შარაძე პირველ შეხვედრაში იოლად გაუსწორდა ყაზახ მეტოქეს, ფინალში კი დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია მასპინძელთა ერთ-ერთ ფავორიტ მოჭიდავესთან. თავიდან აგებდა კიდეც, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა, პაექრობა სათავისოდ შემოაბრუნა და ჩემპიონობაც ირგუნა.
ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ნინო ოძელაშვილი. შარშანდელი მსოფლიოს ფინალისტი ქართველი გოგონა პლანეტის საუკეთესო სამბისტებს შორის მოიხსენიება და მისგან ეს წარმატება არც გაგვკვირვებია.
სასიამოვნო უფრო სხვა რამ იყო. ოძელაშვილმა მართლაც როგორც დიდოსტატმა გაიარა მთელი ტურნირი. დამაჯერებლად, აუღელვებლად მოიგო ყველა შეხვედრა. მის ჭიდაობაში კიდევ მეტი პოტენციალი და აუმოქმედებელი მარაგი შეინიშნებოდა.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში მასპინძელი რუსეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.