რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატზე, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარამ დაამარცხა ვლადიმერ რუსიას ოდორჰეი, 28-21. შოთა თევზაძის რეშიცამ ფრედ, 25-25 ითამაშა ბაია მარესთან. მეოთხედფინალში ქართველების სამივე კლუბი გავიდა.
ტიმიშოარას პოლიტექნიკამ ორწრიანი ტურნირი კარგად დაასრულა და ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო. ოდორჰეისთან თამაშში ყველაზე შედეგიანი, ტრადიციულად, ჩიქოვანი იყო 5 გოლით. მან 24 მატჩში სულ 144-ჯერ გაიტანა. რუსიას ანგარიშზე 3 გოლია, სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში კი - 59.
ახლა რუმინეთის ჩემპიონატში პლეიოფის დროა. მეოთხედფინალში ოდორჰეი შეხვდება პოტაისა ტურდას, ტიმიშოარა - ბუქარესტის სტიაუას, ხოლო რეშიცა - CSM ბუქარესტს. ამ სტადიაზე თამაში 2 მოგებამდეა. პირველი თამაშები 24 აპრილსაა იმ გუნდების მოედანზე, ვინც რეგულარულ სეზონში უკეთესი ადგილი დაიკავა. საპასუხო მატჩები 29 აპრილს გამართება, ხოლო თუ ანგარიში 1-1 იქნა, გადამწყვეტი შეხვედრები 4 მაისსაა დანიშნული. ქართველების სამი გუნდიდან ბოლო მატჩში საკუთარი მოედნის უპირატესობა მხოლოდ ოდორჰეის ექნება, თუმცა, ტიმიშოარას მწვრთნელი პერო მილოშევიჩი იმედიანადაა.
ოდორჰეის დამარცხების შემდეგ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა: „კლუბმა ცუდად დაიწყო, იმიტომ რომ რამდენიმე ლიდერს, - ჩიქოვანს, გრიგორაშს, პეჟოვიჩსა და დასკალოსკის ტრავმები აწუხებდა. ეს რომ არა, შეგვეძლო არა 50, არამედ, მინიმუმ 59 ქულა დაგვეგროვებინა, თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად დავასრულეთ რეგულარული სეზონი და ბუქარესთთან მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“.
14-15 აპრილს რუმინეთის თასის ფინალური ოთხეულის ტურნირია, თუმცა, იქ ქართველები არ თამაშობენ და 24 აპრილამდე პაუზა ექნებათ. ტიმიშოარა თასის მერვედფინალში დამარცხდა ოდორჰეისთან, ხოლო ეს უკანასკნელი და რეშიცა ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.
ხელბურთი. რუმინეთის ჩემპიონატი. ორი წრის შემდეგ. დინამო ბუქარესტი 65 ქულა, CSM ბუქარესტი 59, ოდორჰეი 53, სტიაუა 51, ტიმიშოარა 50, ტურდა 47, რეშიცა 40, კელერაში 35 -- ბაია მარე 34, ვასლუი 32, ტარგუ ჟიუ 32, პლოეშტი 18, ფოჩანი 13, გალაცი 1. მეოთხედფინალი (ორ მოგებამდე): დინამო-კელერაში, ბუქარესტი-რეშიცა, ოდორჰეი-ტურდა, სტიაუა-ტიმიშოარა - 24, 29 აპრილი (4 მაისი)
მაკედონიაშიც მთავრდება რეგულარული სეზონი. ბოლისწინა, მე-17 ტურში რევაზ ჭანტურიას კლუბმა, პელისტერმა შინ 40-31 მოუგო სკოპიეს მეტალურგის მეორე გუნდს და მე-5 ადგილამდე აღზევდა, თუმცა, საუკეთესო ოთხეულში გასვლისა და საჩემპიონო ბრძოლის გაგრძელების შანსი აღარ დარჩა. რეგულარულის შემდეგ ტურნირი ორად იყოფა - საუკეთესო ოთხეულს დაემატება სკოპიეს ვარდარი და ჭანტურიას ყოფილი კლუბი სტრუმიცა და ეს ექვსეული ორ წრედ ჩემპიონობისთვის ითმაშებს. დანარჩენი 6 გუნდი ბრძოლას გააგრძელებს პლეიაუტში, ანუ ლიგაში დასარჩენად.
მაკედონია. 17 ტურის შემდეგ. მეტალურგი 51 ქულა, ოხრიდი 39, რაბოტნიჩკი 36, პრილეპი 30 -- პელისტერი 21, ვარდარი (ახალგაზრდული) 21, რადოვიში 21, პროლეტი 18, ბორეცი 16, მეტალურგ-2 – 1 ქულა