ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსს” პლეი-ოფში გასვლა სათუო გაუხდა. ტეხასელებს დარჩენილ 9 მატჩში დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რომ სეზონი რეგულარულ ჩემპიონატთან ერთად არ დაასრულონ. დალასელებმა დღეს გამთენიისას დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ „საკრამენტოსთან“ სტუმრად წააგეს.
შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა. მასპინძლებმა 133:111 იმარჯვეს და დალასელებს წარმატების შანსი არ დაუტოვეს. ნაოპერაციევ ჩანდლერ პერსონსთან ერთად „მავერიკსს“ ტრავმირებული დერონ უილიამსიც აკლდა, რომლის ადგილიც სასტარტო ხუთეულში ჯეი-ჯეი ბარეამ დაიკავა. რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 14 წუთით გამოჩნდა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.
დალასელთაგან ერთბაშად 8 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 15 ქულა რეიმონდ ფელტონმა მიითვალა. სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე სალაჰ მეჯრიმ მოედანზე 7 წუთი გაატარა და 2 ქულას, 2 მოხსნას და 1 პასს დასჯერდა.
35 მოგებითა და 38 წაგებით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 29 მარტს სტუმრად „დენვერთან“ გამართავს.
www.gbf.ge