რაგბი

1:30 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

livepress.ge: ფოთის რაგბის სტადიონზე მსაჯი დაჭრეს

ფოთში, რაგბის სტადიონზე თბილისისა და ბათუმის რაგბის გუნდების თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტისას 21 წლის მსაჯი დაჭრეს. ნიკო ამაშუკელი სხეულზე მიყენებული დაზიანებით ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაგბის სტადიონზე შეკრებილი გულშემატიკვრები ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ. ვინაობის დასახელების გარეშე „ლაივპრესთან“ ამბობენ, რომ ინციდენტი გუნდებს შორის თამაშის დასრულების შემდეგ, თბილისის „არმიის“ დამარცხების მიზეზით მოხდა.

მათი თქმით, თბილისის გუნდის მენეჯერი, ჯერ ბათუმის გუნდის წარმომადეგენლებს დაუპირისპირდა, შემდეგ კი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა.

„როგორც ვიცი ფეხის არეში დაჭრა, დანა იყო თუ რა საგანი ჩვენ არ დაგვინახავს“, - ყვება თვითმხილველი.

რა სახის დაზიანება აღენიშნება დაშავებულს, ამის შესახებ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.

ფოთის რაგბის სტადიონის დირექტორი ამირან შავგულიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მსაჯს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, ზუსტად ვინ და რა სახის ზიანი მიაყენა მსაჯს.

„არ ვიცი რა სახის ჭრილობა და დაზიანება აქვს, ან რითი მიიღო თუ მიაყენეს. თამაშის დასრულების შემდგომ ინვენტარს ვალაგებდი, ხმაური რომ ატყდა. როდესაც მივირბინე, ფაქტი უკვე მომხდარი იყო და ფეხი დაზიანებული ჰქონდა. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ“, - უთხრა „ლაივპრესს“ შავგულიძემ.

შსს ფოთის სამმართველოს უფროსის ზურაბ ალანიას განმარტებით, ინციდენტზე გამოძიება არ დაწყებულა.

„ჩვენ გადმოგვცეს შეტყობინება, რომ მან დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო. თქვეს, ბლაგვ საგანზე წაიქცაო. მე ასე ვიცი“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ფოთის პოლიციის უფროსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103652