კალათბურთი

22:55 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” ნანატრი გამარჯვება

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში პირველი, ისტორიული და ნანატრი გამარჯვება იზეიმა. ლატვიელი ნიკოლაის მაზურსის მიერ დარიგებული ქართული კლუბი ბელარუსულ “ცმოკი-მინსკთან” მატჩის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე 9 ქულას აგებდა, თუმცა, მობილიზება შესძლო და 81:80 მოიგო.

გადამწყვეტ მომენტში მოვლენები ასე განვითარდა: ბოლო წუთის სტარტზე “ვითას” ამერიკელმა ლეგიონერმა დანიელ ბეჯარანომ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 76:80 გახადა, სტუმართა ამერიკელმა უკანახაზელმა ჯასტინ გრეიმ შორეული ტყორცნა ააცილა, ბეჯარანომ კი კიდევ ერთი სამქულიანი მიითვალა – 79:80.

ამ დროს საფინალო სირენამდე 18 წამი რჩებოდა და ცხადია, მასპინძლებმა სწრაფი ფოლი აიღეს. ამ ტაქტიკამ გაამართლა: “ცმოკი-მინსკის” და ბელარუსის ნაკრების კალათბურთელმა პაველ ულიანკომ ორივე საჯარიმო გააცუდა, ბურთი ბექა წივწივაძემ წამოიღო და ზედ ბოლო წამზე გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.

საბოლოოდ, წივწივაძეს 14 ქულა მოუგროვდა, 15-15 ქულა ჩააგდეს ირაკლი ჩლაიძემ და ანდრე ჯონსმა, საუკეთესო კი ხსენებული ბეჯარანო იყო 21 ქულით. ყურადღებას იქცევს ახალგაზრდა მაიზერ რევაზაშვილის მაჩვენებლებიც, რომელიც მისთვის გამოყოფილ მცირე დროს მაქსიმალურად სარგებლიანად იყენებს. 19 წლის ფორვარდმა 11:27 წუთში 8 ქულა ჩააგდო და თანაც ორივე სამქულიანი და ორქულიანი გამოიყენა.

როგორც აღვნიშნეთ, “ვითამ” 26 მარცხის კვალად, პირველი გამარჯვება იზეიმა, თუმცა, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება. თბილისური კლუბი მომდევნო მატჩს 5 აპრილს, ჩეხეთში “ნიმბურკთან” ჩაატარებს.

0.118748