ძიუდო

17:26 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ამბავი გრან პრის წინ - უდისციპლინობა და კიდევ ორი მინუსი

თბილისის გრან პრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ცვლილება განხორციელდა. ალექსანდრე მსხალაძის (100 კგ) შემდეგ, სატურნირო ქართულ განაცხადს გურამ თუშიშვილი (100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) გამოაკლდნენ. მსხალაძის შემთხვევაში მიზეზი უცხოურ არენაზე არასპორტული საქციელი და საერთაშორისო ფედერაციის სანქციაა. თუშიშვილისა და მატიაშვილის შემადგენლობიდან ამოწერის შესახებ კი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მიმართა.

„მწვრთნელებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ სპორტსმენების მიერ ადგილი ჰქონდა დისციპლინის დარღვევას, რის გამოც ისინი გრან პრის განაცხადში სხვა ძიუდოისტებით ჩაანაცვლეს. ჯერ სანქციებზე საუბარი ადრეა. საბოლოო გადაწყვეტილებას ფედერაციის აღმასკომი მიიღებს" - განაცხადა ქევხიშვილმა.

ცხადია, კომენტარისთვის სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც მივმართეთ, მაგრამ ირაკლი უზნაძემ და დავით ასუმბანმა მომხდარის შესახებ საუბრისგან თავი შეიკავეს.

ალექსანდრე მსხალაძეს და გურამ თუშიშვილს მომავალ ტურნირზე ლაშა გურული და ჯაბა მუმლაძე ჩაანაცვლებენ. თბილისის შარშანდელი გრან პრის ჩემპიონის ლევან მატიაშვილის ნაცვლად კი მწვრთნელებმა საშეჯიბრო სიაში ვახტანგ ოქრუაშვილი შეიყვანეს.

ქართული გრან პრი სპორტის ახალ სასახლეში ხვალ დაიწყება და სამი დღის განმავლობაში ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და ქალთა 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს ვაჟთა ნაკრები მასპინძელთათვის დაწესებულ ქვოტას მაქსიმალურად გამოიყენებს და თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხ ძიუდოისტს აჭიდავებს. ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გია თენაძის გადაწყვეტილებით კი, შინაურ ტატამზე გუნდის მხოლოდ 4 წევრი გავა.

ხვალ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში - 48, 52 და 57 კილოგრამებში.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება. 16:30 საათზე ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონიალია დაგეგმილი. 17 საათიდან კი ფინალური ბლოკის ორთაბრძოლები დაიწყება.

აქვე საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებების შემადგენლობები:

ვაჟები

60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ივანე ჯავახიშვილი, ირაკლი კუპატაძე

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, გელა კელიხაშვილი

73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი

81კგ – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლევან გუგავა

90კგ – ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი

100კგ – ლაშა გურული, ჯაბა მუმლაძე, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური

+100კგ – ადამ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ლაზუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი.

ქალები

52კგ – მარიამ ჯანაშვილი

57კგ – სალ ომე აბაშიძე

70კგ – ესტერ სტამი

+78კგ – ელენე ქებაძე

0.112399